რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დღეს აქცია გაიმართა. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტია „ნაციონალური მოძრაობის” წევრები. პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, სააკაშვილი თავისუფლება სჭირდება ქვეყნის მომავალს. მან მხარდამჭერებს ასევე მოუწოდა 30 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ.
საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა დღეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მორიგი ბრიფინგი გამართეს და რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს. მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის არასაკმარისი პირობების გამო ეწინააღმდეგებიან.
დღეს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დღის ბოლოს განცხადებაც გაავრცელა.
ომბუდსმენის თქმით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
იუსტიციის მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული პაციენტის მისაღებად.