რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

პუბლიკა

რუსთავის ციხესთან, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართებოდა, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

მათ ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სტენსილის – „თავისუფლება მიშას“ გაკეთება სურდათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. მათ შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა.

პოლიციის წარმომადგენელი ადგილზე იმ დროისთვის მხოლოდ 1 პირის – ზვიად კუპრავას დაკავებას ადასტურებდა.

„მოვუწოდეთ, გავაფრთხილეთ, რომ არ შეიძლებოდა ადმინისტრაციულ შენობაზე წარწერების გაკეთება. ამიტომ მოხდა მისი დაკავება”, – ამბობს ის.

„პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყება დაკავებულების რაოდენობასა და მუხლს არკვევს.


1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.