რუსთავის კათოლიკური ეკლესიის კუთვნილი მცენარეები მრევლს დამწვარი დახვდა, – ინფორმაციას საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ოფიციალური გამოცემა ავრცელებს.
როგორც ეკლესიის წინამძღვარი ზურაბ კაკაჩიშვილი ამბობს, ყვავილებიანი სამი ქოთანი ტაძრის უკანა მხარეს იყო გატანილი და ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. მისივე თქმით, მსგავსი რამ პირველად არ ხდება.
„ყვავილები სპეცილურად იყო გადატანილი ტაძრის უკანა მხარეს. ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული ქოთნებსაც და მცენარეებსაც, გადაბრუნებული იყო იქვე მდგარი სკამი, ეყარა წყლის ბოთლები. სანთლის ნამწვავები იყო ფანჯრის მინაზე მიკრობილი. პირველად არ ხდება მსგავსი რამ და ვილოცოთ იმ ადამიანებისთვის, ვინც ეს გააკეთა“, – ამბობს ის.
„პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ რა რეაგირება ექნება უწყებას მომხდარზე. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.