რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა.
ინფორმაცია „პუბლიკას“ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.
მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში არის ბუნტი და პატიმრებს გამოკეტილი ჰყავთ დაცვა. „ეს არის სრული სიცრუე და იმ ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“,- ნათქვამი იყო განცხადებაში.