რუსთავის მერიის თანამშრომელი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს - ISFED

პუბლიკა

ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოაგდოება“ (ISFED) ცნობით, 16 ივლისს, რუსთავის მერის ბრძანების საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლდა მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ნინო ქვირია. როგორც ნინო ქვიარაია აცხადებს, სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით, მას მიზანმიმართულად დევნიდნენ და ხელოვნურად შეუქმნეს გათავისუფლების საფუძველი.

ქვირია აცხადებს, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების პროცესში მისთვის მთავარი იყო დაეცვა საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილება საჯარო ინტერესის დაცვის საფუძველზე განეხორციელებინა.

,,ჩემ მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობა არ გამოყენებულა პარტიული (პოლიტიკური) მიზნების ან ინტერესის გასატარებლად. ამასთან 2020 წლის ნოემბრამდე, 5 წლის მანძილზე, არ დამკისრებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები კანონით გათვალიწინებული რომელიმე საფუძვლით. ამას ადასტურებს ქალაქის მერისგან, მისი ყოფილი მოადგილისა და კურატორისგან მიღებული შეფასებები“, – აცხადებს ნინო ქვირია.

ISFED-ის მიერ გავრცელებულ რელიზშია ქვირია აღნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგომ, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში ქალაქ რუსთავის მერმა ორჯერ დაიბარა და სთხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების განცხადება დაეწერა.

„განთავისუფლების განცხადების დაწერაზე უარის თქმის შემდეგ, მის მიმართ დაიწყო სხვადასხვა საფუძვლით დისციპლინური წარმოება სამსახურეობრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის გამო. მისი თქმით, დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით ხორციელდება, რომელიც დაინტერესებულია რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის პოლიტიკურ-საარჩევნო მიზნით გამოყენებაში, რაც ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო. თვითმმართველობის მოხელეს გადადგომა ასევე მოსთხოვა „ქართული ოცნების“ რეგიონალური ოფისის უფროსმა დავით კობახიძემ. საგულისხმოა ისიც, რომ ეს შეხვედრა ნინო ლაცაბიძის ოფისში შედგა“, – აცხადებს ISFED.

ნინო ქვირიას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იგი პირადად დაიბარა ნინო ლაცაბიძემ, როცა ,,ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების საკონტაქტო ინფორმაციის და სამსახურში დაცული სხვა ბაზების გადაცემა მოსთხოვა. ლაცაბიძემ ასევე მოუწოდა ქვირიას ჩართულიყო მის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში.

„სამართლიანი არჩევნები“ იცავს ნინო ქვირიას ინტერსებს და გეგმავს სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებას, რათა დადგინდეს მისი პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება.