მას შემდეგ, რაც რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავის საკრებულოს მთელი აპარატი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ადასტურებს.
დეპუტატის დედა ეროვნული ბანკის თანამშრომელია. მას კორონავირუსული ინფექცია დღეს დაუდასტურდა.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, თავად საკრებულოს დეპუტატსაც აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, რაც კორონავირუსული ინფექციის ერთ-ერთი სიმპტომია, შესაბამისად, საკრებულოს ყველა თანამშრომელი წინმსწრებად თვითიზოლაციაში იმყოფება.
როგორც რეხვიაშვილი აღნიშნავს, თავად საკრებულოს დეპუტატის ლაბორატორიული ტესტირების პასუხი ჯერ ცნობილი არ არის.
„ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა გარკვეული სიმპტომები დაავადების არის ტემპერატურაში გამოხატული. წინსწრებით საკრებულოს შემადგენლობა, სრულად საკრებულოს აპარატი არის მკაცრ იზოლაციაში”, – აცხადებს რეხვიაშვილი.
რუსთავის საკრებულოს შენობაში დღეს დილიდანვე მიმდინარეობდა სადეზინფექციო სამუშაოები. რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, გუშინდელი დღიდან მოყოლებული მიმდინარეობს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებსაც საკრებულოს დეპუტატთან ხშირი კონტაქტი ჰქონდათ.
„სადეზინფექციო სამუშაოები დილიდანვე დაიწყო და დასრულებულია. ვინც კონკრეტულად მასთან ერთად ახორციელებდა მოხალისეობრივ საქმიანობას ისინი გუშინვე გაფრთხილებული იყვნენ და დილიდან თვითიზოლაციაში არიან. ეს არის დამატებითი პრევენცია”, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.