რუსთავში 2 ბიჭი დაჭრეს, ერთი გარდაიცვალა, მეორე საავადმყოფოშია. დაკავებულია ბრალდებული - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით,  რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პირს  ბრალდება განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვაგვარი ძალადობისთვის წარედგინა, ხოლო მეორე პირს  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 14 ივლისს, რუსთავში, ნ.დ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო, გ.ა.-ს და გ.ბ.-ს მოკვლის განზრახვით, დანით სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა.

მიღებული დაზიანებების შედეგად, გ.ა. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო, დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ბ. -ს გადარჩენა მოხერხდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.დ.-ს მიერ განხორციელებული ქმედების დროს მასთან ერთად იმყოფებოდა გ.ჩ., რომლისთვისაც ცნობილი იყო მომხდარი დანაშაულის შესახებ, თუმცა, სამართალდამცავ ორგანოს არ შეატყობინა, “- ამბობენ პროკურატურაში.

სამართალდამცველებმა ნ.დ. და გ.ჩ. იმავე დღეს დააკავეს. ნ.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გ.ჩ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით,  ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.