რუსთავში პენიტენციურ დაწესებულებასთან სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით გამართულ აქციაზე მოქალაქეებმა კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეები ღამით კარვებში დარჩენას გეგმავენ.
„ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს სამოქალაქო საავადმყოფოში და მისი ნორმალური მკურნალობა, რაც არის აუცილებელი მისი სიცოცხლის გადასარჩენად. შემდეგ, ბუნებრივია ეს პროცესი გაგრძელდება მისი გათავისუფლების მოთხოვნამდე და აქ იმდენი ხანი გავჩერდებით, რამდენიც საჭირო იქნება. პროტესტი დიდი ხანია დაწყებულია, დღე ამ ფორმით გამოვხატეთ პროტესტი და ხვალ რა ფორმაც იქნება საჭირო, ისე გამოვხატავთ პროტესტს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ ირაკლი ჩხვირკვიამ, რომელიც ღამით კარავში დარჩენას აპირებს.
რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნიკა მელიამ. მისი თქმით, ისინი 24 საათს აძლევენ ხელისუფლებას სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად. წინააღმდეგ შემთხვევაში 8 ნოემბერს 6 საათზე შეიკრიბებიან თავისუფლების მოედანზე.
„დანარჩენი – რას ვაპირებთ და რა არის მოთხოვნა – თავისუფლების მოედანზე გაგაცნობთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.