რუსთავის საქალაქო სასამართლომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში მომხდარი ოთხი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 9 თებერვალს, რუსთავში მდებარე ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ბრალდებულმა შურისძიების მოტივით მისი ძმის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ხუთ დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.
რის შედეგადაც ოთხი დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთის გადარჩენა დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა“, – აცხადებს პროკურატურა.
სამართალდამცველებმა პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით და 19, 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) ჰქონდა წარდგენილი.