„რუსთავში „ევროპული საქართველოს“ წევრს თავს დაესხნენ“ | დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ქებაძეს თავს დაესხნენ, იყო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა ბრიფინგის დროს განაცხადა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ინციდენტის ადგილას პოლიცია ძალიან გვიან მივიდა.

„რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელს რომ ასე გადადგომოდნენ წინ და შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ყველა იქნებოდა დაკავებული დღეს და ზომაზე მეტი სასჯელი დაემუქრებოდათ მათ. როგორც ვიცით, არაფერი არ ხდება ამ ფაქტთან დაკავშირებით, არც მოკვლევაა დაწყებული, მით უმეტეს ფიზიკური ძალადობის შემთხვევაზე“, – განაცხადა წერეთელმა.

გიგი წერეთელი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, რეაგირება მოახდინონ ამ შემთხვევაზე.

„ახლა ჩვენ ვიმყოფებით შუაგულ კამპანიაში მეორე ტურები წინაა, ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზება არის საგანგაშო. მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, მოახდინონ რეაგირება ამ საგანგაშო ძალადობრივ ფაქტზე, სხვა შემთხვევაში ეს ნეგატიური ფონი გაგრძელდება“, – განაცხადა წერეთელმა

როგორც თავად „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ქებაძემ განაცხადა, ინციდენტში „ოცნების“ აქტივისტები მონაწილეობდნენ.

„გუშინ მოვემგზავრებოდი თბილისისკენ. გაჩერებული ვიყავით რუსთავის გამოსასვლელთან, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად, გზის მეორე მხრიდან დაიძრნენ 50-70 მდე ადამიანი, რომლებმაც მოგვაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მანქანას დაუშინეს კვერცხები და ცოცხები. ჩვენ ამოვიცანით მათი ვინაობა. ესენი იყვნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, მათ შორის იყო გიორგი თაბუკაშვილი ზედმეტსახელად „დოღრიალა“, რომელიც კოორდინირებას უწევდა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებას“, – განაცხადა ვახტანგ ქებაძემ.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.