რუსთავში ჰაერის დაბინძურების საკითხზე 11-მა მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა - „გავიგუდეთ“

პუბლიკა

მოძრაობა „გავიგუდეთ“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, 11 მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

მოსარჩელეები ითხოვენ მორალური ზიანის ანაზღაურებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან იმის გამო, რომ ქალაქ რუსთავში წელიწადში 270 დღე არის ცუდი ან ძალიან ცუდი ჰაერი, ხოლო სახელმწიფო არ დგამს საკმარის ქმედით ნაბიჯებს მდგომარეობის გამოსასწორებლად.

„რუსთავში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო საწარმოებია, რომელთა უდიდესი ნაწილი საქმიანობს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით. ქალაქში არსებული საწარმოო ობიექტები არ ასრულებენ ჰაერდაცვით მოთხოვნებს, მათ უმრავლესობას არ აქვთ ფილტრები/აირმტვერდამჭერი მოწყობილობები და სტანდარტების დაცვით გამართული საწარმოო პროცესი, რაც დაადასტურა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა ინსპექტირებებმა.

მოსარჩელეებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ყოველდღიურად არაერთ დისკომფორტს უქმნის. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ქალაქში ცხოვრება ძალიან დაბინძურებული ჰაერის გამო გაუსაძლისია. რუსთავში ტრიალებს გამონაბოლქვის და ნამწვის სუნი, რის გამოც ქალაქში გადაადგილებას და ხშირად განიავების მიზნით ფანჯრების გაღებასაც კი ერიდებიან. ფანჯრების გახსნით სახლი განიავების ნაცვლად უფრო ბინძურდება. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით აუტანელი ხდება ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა მაღალია“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ირღვევა მათი უფლება სუფთა ჰაერზე და ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოზე. ცუდი ჰაერი პირდაპირ კავშირშია  ჯანმრთელობის მთელ რიგ პრობლემასთან. ეზღუდებათ ფიზიკური აქტივობის და გადაადგილების თავისუფლება, ელახებათ ადამიანის უზენაესი ღირებულება – ღირსება.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველების დეპარტამენტი არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ ჰაერის დაბინძურების პრობლემა აღმოიფხვრას ქალაქ რუსთავში. მათი რეაგირება არ არის საკმარისი, ხშირად ადგილზე მიდიან დაგვიანებით, რასაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება.

მოძრაობის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის დავით წერეთლის 2022 წლის 3 თებერვლის განჩინებით სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და სასამართლოს სხდომა 2022 წლის 3 მაისს დაინიშნა.