რუსთავში კერძო იპოთეკარი თვითნებურად ცდილობდა ოჯახის გამოსახლებას. ამის შესახებ „პუბლიკას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სახალხო ტრიბუნების“ წარმომადგენელმა მამისა ჯაფარაშვილმა განუცხადა.
„დღეს დამირეკა მოქალაქემ რუსთავიდან, რომელსაც პრობლემა ჰქონდა მესაკუთრესთან. მისი საქმე არის აღსრულების ეროვნულ ბიუროში, გამოსახლებული არ არის ოფიციალურად, მაგრამ მომჩივანმა მხარემ და მისმა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა, რომელმაც შეითავსა აღმასრულებლის ფუნქცია და მივიდა სახლში იმ მიზნით, რომ ისინი უნდა გამოესახლებინა. მან ყველა ზღვარს გადააბიჯა დღეს და დაარღვია კანონი“, – განუცხადა მამისა ჯაფარიშვილმა „პუბლიკას“.
მისი თქმით, გამოსახლების უფლება მხოლოდ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მათი თქმით, ისინი პროცესში ჩართულები არ ყოფილან. ბიუროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო გამოსახლებები შეჩერებულია.
„ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გამოსახლებები დროებით შევზღუდოთ. ჩვენი ინფორმაციით, მხარე თვითნებურად შეიჭრა საცხოვრებელ ტერიტორიაზე და საკუთარი ძალებით სცადა გამოსახლება“, – განუცხადეს „პუბლიკას“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.