რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მიმდებარედ მოვაჭრეები არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ არ დაემორჩილებიან მთავრობის რეგულაციებს და არ შეწყვეტენ ეკონომიკურ საქმიანობას. მათი თქმით, ეს ბაზარია მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო და ვაჭრობის შეწყვეტა მათთვის შიმშილს ნიშნავს. მოვაჭრეები რუსთავის მერთან შეხვედრას მოითხოვენ.
„ყველას გვყავს შვილები; რით დაგვეხმარებიან? გვჭირდება ჩვენ, რომ აქ ვიმუშაოთ. არ ვმათხოვრობთ, ვმუშაობთ. არ დავემორჩილებით [რეგულაციებს]“, – აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.
„ყოველ დღე მოვდივარ ბავშვთან ერთად. მთელი დღე ამ სიცივეში მე მიხარია ბავშვთან ერთად? მაქვს ყოველდღიური შემოსავალი, რა ვაჭამო დღეს ბავშვს?
ტრაქტორებით გადაგივლითო, რატომ? მოვიდეს ჩვენი მერი და გაგვცეს პასუხი. დაგვეხმაროს რამენაირად“, – აცხადებს გარემოვაჭრე.
ერთ-ერთი რესპონდენტი მედიასთან აცხადებს, რომ ამ მოვაჭრეებს პირველ ლოკდაუნზე არ მიუღიათ 300-ლარიანი დახმარება, რადგან არ ჰქონდათ შესაბამისი დოკუმენტაცია. მისი თქმით, საბუთების წარდგენას ვერც ახლა შეძლებენ.
„რომ ემუქრებიან, აქედან ტრაქტორს მოვიყვან და გადაგივლით… ამ ადამიანებმა თქვეს, რომ კორონა მოგვკლავს თუ შიმშილი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვსო…“, – ამბობს ის.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ აქციებს გააგრძელებენ, სანამ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.
კორონავირუსთან დაკავშირებით შემქნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში ღია და დახურული ბაზრობები არ იმუშავებს.
24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში დროებით, ღია და დახურული ბაზრობები აღადგენენ მუშაობას.
16 იანვარი – 31 იანვარის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით, აღდგება სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).