რუსთავში მშენებლობიდან 2 მუშა ჩამოვარდა

პუბლიკა

რუსთავში მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

როგორც „პუბლიკას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, 2 პაციენტი სხვადასხვა სახის მოტეხილობით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.


შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ცნობით, 2018 წელს დაღუპულია 59 და დაშავებულია 199 ადამიანი, ხოლო მიმდინარე წელს სამუშაო ადგილზე დაღუპულია 38 და დაშავებულია 135 პირი.

გუშინ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განხცადება გაავრცელა. მისი თქმით,  ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მხრივ კვლავ მძიმე მდგომარეობაა და საჭიროა, სახელმწიფომ გაატაროს აქტიური ღონისძიებები პრობლემის მოსაგვარებლად.

„მხოლოდ წლის პირველ ნახევარში, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 71 და დაიღუპა  25 ადამიანი. გასულ წელთან შედარებით, კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაატაროს აქტიური ღონისძიებები აღნიშნული პრობლემის მაქსიმალურად სწრაფად მოგვარების მიზნით“, – ამბობს სახალხო დამცველი.