რუსუდან გოცირიძე და EMC პანდემიის დროს დაწესებული სანქციების კონსტიტუციურობაზე დავობენ

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმებს ასაჩივრებს, რომლებიც ითვალისწინებს მკაცრ სანქციებს იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის.

ორგანიზაციის ცნობით, გასაჩივრებულია ასევე მითითებული სამართალდარღვევების განხილვის წესი და მათი დარღვევისათვის პირის შესაბამის სივრცეში მოთავსების უფლებამოსილება სასამართლო კონტროლის გარეშე.

მოსარჩელე საქართველოს მოქალაქე რუსუდან გოცირიძეა, რომელიც სადავო ნორმის საფუძველზე  2000 ლარით დაჯარიმდა ღამის საათებში გადაადგილების გამო, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ  მის სახელზე გაცემულ საშვში მითითებული არ იყო გადაადგილების ტერიტორია.

ორგანიზაციის განცხადებით, სადავო ნორმები ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ან/და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას „იზოლაციისა და კარანტინის“ ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, თუმცა ბუნდოვანია, კონკრეტულად რა რეგულაციებს მოიცავს იზოლაციისა და კარანტინის წესი ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონი იზოლაციისა და კარანტინის წესის დადგენის შეუზღუდავ უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კი თავისთავად უკავშირდება წინასწარ განუსაზღვრელ, არაორდინალურ გარემოებებს.

მათი დასკვნით, ორივე შემთხვევაში, კანონმდებელი განსაზღვრავს პასუხისმგებლობის ბუნდოვან საფუძველს, მისი შინაარსისა და ფარგლების დაზუსტების გარეშე.

აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით[1] აღიარებულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ქმედების დასჯადად გამოცხადება ექსკლუზიურად კანონმდებლის კომპეტენციაა.

გარდა ამისა, სადავო ნორმების საფუძველზე, პირს იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მათ შორის 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც კი.

სადავო ნორმები ითვალისწინებს პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის ნებისმიერი დარღვევისათვის, იმ პირობებში, როდესაც განუსაზღვრელია შეზღუდვების შინაარსი.

შესაბამისად, ქმედების დასჯადად გამოცხადება ხდება მისი საშიშროების ხარისხის გაუთვალისწინებლად. სადავო ნორმების საფუძველზე, პირს შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს ისეთი უმნიშვნელო დარღვევისათვისაც კი, რომელიც არ შეიცავს სხვისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს. შესაბამისად, პირის დასჯა ემსახურება ზოგადი პრევენციის მიზანს, რაც მის ინსტრუმენტალიზებას იწვევს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობისა და არაჰუმანური სასჯელის აკრძალვის პრინციპებს.[2]

კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიება, რომელიც იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს პირის შესაბამის სივრცეში გადაყვანის უფლებამოსილებას ანიჭებს.

სადავო ნორმა, ერთი მხრივ, ქმნის ადამიანის თავისუფლების უფლებაში ჩარევის ბუნდოვან და განუსაზღვრელ საფუძველს, მეორე მხრივ კი, პირის თავისუფლების უფლების შეზღუდვას უშვებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული თავისუფლების უფლებას.[3]

გარდა ამისა, გასაჩვრებულია ნორმები, რომლებიც პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლებამოსილებას ანიჭებს შინაგან საქმეთა ორგანოებს და არა სასამართლოს. იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა თავისი ბუნებითა და შინაარსით სისხლისსამართლებრივი ხასიათისაა, რადგან, ითვალისწინებს რეპრესიულ სანქციებს, ქმედების განმეორებით ჩადენისათვის კი ქმნის სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაკისრების საფუძველს.

შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე,[4] პირს პასუხისმგებლობა შესაძლოა დაეკისროს მხოლოდ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და არა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ.