„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა. მან 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა.
რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობასა და მენაშენეთა კუთვნილი თანხის მითვისებაში.
რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულების დატოვების შემდეგ კერვალიშვილმა მედიასთან განცხადებაც გააკეთა.
„ჯერჯერობით, მე ჩემი გული დავტოვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იმიტომ, რომ იცით, რომ ჩემი და, მაია რჩეულიშვილი, ჯერჯერობით, ისევ პატიმრობაშია. პირველი ემოცია – რა თქმა უნდა, თავისუფლების ფასი არაფერი არ არის. ამ თავისუფლებას ვგრძნობდი ჩიტების ფრენით, იმიტომ, რომ აქ არის ძალიან ბევრი ჩიტი და ყველაზე მეტად თავისუფლებას იგრძნობთ, როდესაც ხედავთ, რა ბედნიერებაა, როდესაც ადამიანს… ყველაზე დიდი შეგრძნებაა თავისუფლება.
რა თქმა უნდა, განცდა ძალიან დიდი მაქვს და ერთი მაქვს სინანული, ის ადამიანები, ვინც ძალიან გვენდნენ ჩვენ, წლების განმავლობაში დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელიწადია, მაია აქ არის, პრობლემა დასრულდეს, მაგრამ ახლა იმედი მოგვეცა ჩვენ, რომ იწყება მშენებლობა 1 თვეში მერიასთან ერთად და ჩვენი ამოცანა, სანამდე ვართ მე და მაია, ერთია – ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდეს ბინებში და მიიღოს ქონება. მარტო ამის მერე ვიქნები ბედნიერი“, – განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.
შეკითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ის მშენებლობის პროცესში, კერვალიშვილი ამბობს, რომ ამ პროცესში ჩაერთვება მაია რჩეულიშვილი.
„ძალიან ბევრი წელია, ჩამოშორებული ვარ პროცესიდან, იმიტომ, რომ 2007 წლიდან აღარ ვყოფილვარ კომპანიაში, მაგრამ ყველაფერში გვერდით დავუდგები. ყველასთან ვთანამშრომლობთ, მერიასთან თანამშრომლობს მაია, პროკურატურასთან ვთანამშრომლობთ და საპროცესო გარიგებას ველოდებით“, – განაცხადა კერვალიშვილმა.
მისი თქმით, საპროცესო გარიგების პირობა იქნება შემდეგი – უნდა დასრულდეს ყველა მშენებლობა.
„ყველაფერი გადაეცათ ინვესტორებს, ასევე გადაეცემათ ფული კომპანიიდან და მერიის დახმარებით და ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად 8 სხვადასხვა კომპანია დაამთავრებს დასამთავრებელ სამუშაოს“, – თქვა მან.
რუსუდან კერვალიშვილის განცხადებით, მაია რჩეულიშვილი საპატიმროში ყოფნის 5 წლის განმავლობაში მუშაობდა და საკითხების მოგვარებას ცდილობდა. მისი თქმით, რჩეულიშვილის სათქმელია, რაც შეიძლება ჩქარა ჩაერთოს პროცესში და დაასრულოს საქმე.
უფლებადამცველი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მერიას, ინვესტორებსა და „ცენტრ პოინტს“ შორის შეთანხმებები, ფაქტობრივად, ბოლოშია გასული, კონტრაქტები გაფორმებულია და მერიის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რაც ემსახურება რამდენიმე ათასი დაზარალებულის ინტერესების დაკმაყოფილებას.
ბექა ბასილაია ხაზს უსვამს, რომ ამ პროცესში სახელმწიფო არ ხარჯავს ფულს, შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ რომელიმე ინვესტორი ან კომპანია სახელმწიფო სახსრებს ხარჯავს, ეს კითხვები, ადვოკატის თქმით, არ არსებობს.
მისი თქმით, დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად მობილიზებულია „ცენტრ პოინტის“ ქონება, რაც საამისოდ საკმარისია და რაც ხელს უწყობს მაია რჩეულიშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბრის დაწყებას.
„დღესდღობით, ამ საკითხზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება სახელმწიფო ორგანოებთან. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილია სრული მზადყოფნა, ხელმოწერილი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად „ცენტრ პოინტმა“ გადადგა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა. შეთანხმება უნდა მოხდეს ბრალდებულსა და პროკურატურას შორის“, – თქვა მან.
კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის მაია რჩეულიშვილის წინააღმდეგ საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს. მას „მიონის” ეპიზოდზე 7 წელი მიესაჯა, საიდანაც 4 წელი და 6 თვე უკვე მოხდილი აქვს.
კერვალიშვილსა და რჩეულიშვილს ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88-ის” ეპიზოდზე 4-4 წელი 2017 წელს მიესაჯათ.