„რუსულ კანონს მეორედ ვეღარ გაყიდიან“ - მდინარაძე კონსტრუქციების მოწყობის შეზღუდვის კანონპროექტზე

პუბლიკა

„რუსულ კანონს მეორედ ვეღარ გაყიდიან, ეს არის შეურაცხყოფა. აფიორა საუკუნის იმას ნიშნავს, რომ ერთია, მეორედ ასე ვეღარ გაყიდიან“, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას.

აქცია 5 ოქტომბერს, 14:00-ზეა დაგეგმილი და მისი სახელწოდებაა „ერთად გავაპროტესტოთ რუსული კანონი“.

„როდესაც ისინი აქვეყნებენ განცხადებებს და პროვოკაციულად რუსულ კანონს არქმევენ… „ფარას“ დაარქვეს რუსული კანონი წარმოიდგინეთ, ეს გახდა რუსული კანონი 2, არგუმენტები რომ არ აქვთ, რუსული, რუსული… მერე ვიღაც უცხოელი პარტნიორი ან ჩვენი კოლეგა იტყვის, რომ ეს რუსულია და მთელი აქტივი ამას განავრცობს და ეაძახიან ასე უაპელაციოდ რუსულს, არავინ არ კითხულობს.

დღეს პირველი ტყუილი აქციის ორგანიზატორებმა რა შესთავაზეს, იცით? კარვების დადგმა იკრძალებაო. ეს თავშივე ტყუილია. კარვების დადგმა დაშვებულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კონკრეტული საფრთხეა და ამის მტკიცების ტვირთი აქვს სამართალდამცავს, რომელიც მოუშლის ამ კარავს ან დემონტაჟს მოსთხოვს და როცა რომელიღაცა ორგანიზაციის ფუნქციონირებას უშლის ხელს და ა.შ. რუსულ კანონს მეორედ ვეღარ გაყიდიან, ეს არის შეურაცხყოფა. აფიორა საუკუნის იმას ნიშნავს, რომ ერთია, მეორედ ასე ვეღარ გაყიდიან ვერც რუსულად და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ მოქალაქეების ინტერესებს, მით უმეტეს, როდესაც ისინი ეწინააღმდეგებიან კანონს, ისინი მხარს უჭერენ მათი მომხრეების მოკვლას იმ კარვებში აფეთქების გზით“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ამ განცხადებაში დაეყრდნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს და ბრალდებას, თითქოს ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები USAID-ის დაფინანსებით ჩატარებული ტრენინგის მონაწილეებს რევოლუციური სცენარისთვის ამზადებენ.

ტრენინგის მონაწილეები და ორგანიზატორები ამბობენ, რომ სუს-ის გავრცელებული ვიდეოჩანაწერები კონტექსტიდან ამოღებულია და ამგვარადაა დამონტაჟებული. „კანვასი“ ზეწოლაზე საუბრობს, აშშ-ის საელჩო კი ბრალდებებს მცდარს უწოდებს.

რევოლუციური სცენარის მზადების შესახებ სუს-ის ინფორმაცია გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“ საბაბად და მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც აქციებზე კარვების გაშლა და სხვა დროებითი კონსტრუქციების მოწყობა იზღუდება.

სახალხო დამცველის შეფასებით, ცვლილებები გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ჩარევაა, რადგან ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების, მაგალითად, კარვების გამოყენებით.

არასამთავრობო ორგანიზაციები კანონპროექტს „გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდველს უწოდებენ”.