საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა დაიბარეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ მიზეზი საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და რუსულ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიცია და „ქმედებებია”.
„საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.
შეხვედრაზე, მხარეებმა გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დღის წესრიგში დაბრუნების იმედი და გამოითქვა მზაობა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაგრძონ თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე მუშაობა”, – ნათქვამია განცხადებაში.