რუსულ კანონზე პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციოში შევიდა

პუბლიკა

რუსულ კანონზე პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა.

სასამართლოს პრესსამსახური მედიას ეუბნება, რომ სარჩელი სამუშაო დღის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დარეგისტრირდა.

სარჩელს უფლებამოსილი პირი გადაამოწმებს და დაარეგისტრირებს. ამის შემდეგ მის განხილვას პლენუმი დაიწყებს.

პრეზიდენტი სარჩელში მოითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს.

სარჩელის მიხედვით, კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ამ მუხლის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს.

პლატფორმა „ერთიანობის” ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, რუსულ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელს პრეზიდენტთან ერთად პარლამენტის დეპუტატებიც შეიტანენ.

მისი თქმით, კანონი კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს არღვევს –  22-ე მუხლი გაერთიანების თავისუფლებას გულისხმობს.

საქმის განხილვაში ჩაერთვება ომბუდსმენი, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია, რა ფორმით.

რამდენიმე დღეში კი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელიც რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით, ვინაიდან ის საფრთხეს უქმნის არაერთ ფუნდამენტურ უფლებას.

NGO-ები საკონსტიტუციო სასამართლოსგან ასევე მოითხოვენ დროებითი ღონისძიების გატარებას და რუსული კანონის შეჩერებას საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.