ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირების გამო „ღრმად შეშფოთებულია“.
ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი შეშფოთებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ სამშაბათს, საქართველოს პარლამენტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ შემოთავაზებული კანონის ხელახალი შემოღებით, რომელიც ადრე მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ შეჩერდა.
საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონპროექტის რეინიცირება, რომელიც მედია საშუალებებს მიაწებებს იარლიყს უცხოური კონტროლის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია და სრულიად შეუთავსებელია მათ განაცხადთან ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ეს საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.
მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიწვიოს კანონი და უარი თქვას „საგარეო აგენტების“ კანონმდებლობაზე, თუ საქართველოს სურს წარმატების მიღწევა ევროკავშირში გაწევრების გზაზე”, – აცხადებს გულნოზა საიდი, CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი ნიუ-იორკში.
„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს. მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.
რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.
პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.