რუსულ კანონზე საუბრისას კობახიძემ ეკლესიისა და ეროვნული იდენტობის საკითხების გამოყენება დაიწყო

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში ისაუბრა რუსული კანონის ანალოგისა და მის წინააღმდეგ პროტესტის შესახებ. რუსულ კანონზე საუბრისას კობახიძემ ეკლესიისა და ეროვნული იდენტობის საკითხების გამოყენება დაიწყო.

პარლამენტში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების პროტესტს „ეკლესიის მაგინებლების აქცია“ უწოდა. მან ასევე მიანიშნა, რომ, თითქოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციები დასავლური დონორების დაფინანსებით „ეკლესიას აგინებენ“.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვისი დაფინანსებით აგინებენ ეკლესიას. დღეს ვინც იყო შემოსული და ვინც უსტვენდა – ხაზგასმით ვამბობ ამას, ყველაზე არ არის საუბარი, ეს ადამიანები, ყველანი, რა ვიცი, შეიძლება ერთ-ორი გამონაკლისი იყოს, ღმერთმა ქნას. დღეს იყო პარლამენტში ეკლესიის მაგინებლების აქცია, ეს საზოგადოებამ დაინახა და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, საზოგადოება თავის შეფასებას მისცემს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები „ანტიეკლესიურ“ პროპაგანდას ეწევიან, რათა „იდენტობა შეარყიონ“.


პარლამენტში საგარეო და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს რუსულ კანონპროექტებს და განსახილველად წამყვან, იურიდიულ კომიტეტს გადასცეს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს დათქმით, რომ გადაიხედება ტერმინები. მანამდე უმრავლესობის დეპუტატ ნინო წილოსანს ჰქონდა ინიციატივა რომ ადამიანის დისკრედიტაციის შემცველი დასახელება გადაიხედოს. სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობა იმსჯელებს კანონპროექტიდან ტერმინ „აგენტის“ ამოღებაზე.

კომიტეტის სხდომა ხმაურის და საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. კანონპროექტების განხილვას პარლამენტის შენობაში აპროტესტებდნენ დამოუკიდებელი ჟურნალისტები, კომიტეტის სხდომაზე – ოპოზიციური დეპუტატები, პარლამენტის შენობასთან კი – საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

პარლამენტის მიმდებარე აქციაზე შსს-მ 36 პირი დააკავა, მათ შორის, „პუბლიკის“ დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი.