რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური მორიგ პროპაგანდისტულ განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ ევროკავშირი გეგმავს, საქართველოს საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეში 120 ევრო გამოუყოს.
დაზვერვის სამსახურის თანახმად, „ევროკავშირის ხელმძღვანელობა მიზნად ისახავს, ნებისმიერ ფასად დააბრუნოს საქართველო „დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზაზე”.
„ბრიუსელის ევრობიუროკრატია არ დაუშვებს, დაკარგოს „დასავლეთის გავლენის ეს მნიშვნელოვანი დასაყრდენი ამიერკავკასიაში“. – ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.
რუსული უწყება ასევე წერს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებს დაევალათ, უფრო აქტიურად იმუშაონ ოპოზიციური ქართული პარტიების: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ გაერთიანებაზე. მათ მოუწოდებენ, ჩამოაყალიბონ „ერთიანი მუშტი“ მმართველი „ქართული ოცნების” წინააღმდეგ.
პარალელურად კი, როგორც დაზვერვა წერს, დასავლეთი ცდილობს, განავითაროს ქუჩის პროტესტები.
„ევროკავშირის წარმომადგენლობას თბილისში გამოეყო მნიშვნელოვანი რესურსები დემონსტრაციების მხარდასაჭერად და კოორდინირებისთვის.
იგეგმება ანტისამთავრობო აქციების თითოეული მონაწილისთვის „სამუშაო“ დღეში 120-მდე ევროს გადახდა.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება შეეცდება, დაბლოკოს ევროკავშირის არხები დივერსიული მოქმედებების დასაფინანსებლად, მუშავდება სომხეთში ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებიდან თბილისში ნაღდი ვალუტის მიტანის გეგმა”. – ამტკიცებს რუსული უწყება.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ასევე წერს, რომ ევროკავშირი ასევე მუშაობს „ანტისახელმწიფოებრივი განწყობების ჩამოყალიბებაზე ადგილობრივი ახალგაზრდების ყველაზე დინამიურ ნაწილს შორის”.
რუსული უწყების მტკიცებით, ამაში შედიან: ბლოგერები, ჟურნალისტები, IT სპეციალისტები და მათი საქართველოში საცხოვებლად გადასული რუსი კოლეგები.
რუსეთის საგარეო დაზვერვა რუსული პროპაგანდის შესაბამისად ასევე ამბობს, რომ „ბრიუსელის მიერ კონტროლირებადი ქართული და ევროპული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ორიენტირებულია ამ ადამიანების „ტვინების გამორეცხვაზე”. ამისთვის ისინი იყენებენ ზღაპრებს „ერთიან ევროპასთან თანამშრომლობის სარგებელისა და იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრორუსული პოლიტიკის ვექტორი ჩიხურია”.