რუსული დეზინფორმაციის როლი ანტივაქსერულ მოძრაობებში

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI აქვეყნებს პუბლიკაციას, რომელიც ანტივაქსერული მოძრაობის გაძლიერებაში რუსული პროპაგანდის როლს ეხება.

პუბლიკაციის მიხედვით, მაშინ, როცა მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის და ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის მოლოდინშია, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ადამიანებში ვაქცინების მიმართ ნდობის გაზრდა. ვაქცინაცია საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობას დაეხმარა ისეთი დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებაში, როგორებიცაა: წითელა, წითურა, ყბაყურა, ტუბერკულიოზი, ტეტანუსი და სხვა.

„თუმცა – ვკითხულობთ პუბლიკაციაში – დღიდან ვაქცინის გამოგონებისა, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც დაავადებების წინააღმდეგ ამ მეთოდით ბრძოლას ამა თუ იმ მიზეზით ეწინააღმდეგებოდნენ“.

ორგანიზაციის დასკვნით, ბოლო პერიოდში ანტივაქსერული მოძრაობების წახალისებაში გამოიკვეთა რუსული პროპაგანდის კვალი.

2018 წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, დეივიდ ბრონიატოვსკიმ თანაავტორებთან ერთად გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვით, სოციალურ ქსელებში ათასობით რუსული ანგარიში ავრცელებდა დეზინფორმაციას ვაქცინაციასთან დაკავშირებით და აღვივებდა ანტივაქსერულ განწყობებს. მკვლევრებმა შეაგროვეს 2014 წლიდან 2017 წლამდე გამოქვეყნებული 2 მილიონამდე Tweet, რომელთა ანალიზის საფუძველზეც დაასკვნეს, რომ რუსული ტროლები უფრო ხშირად პოსტავდნენ ვაქცინაციის შესახებ, ვიდრე ჩვეულებრივი მომხმარებელი. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ვაქცინაციის თემას რუსული პროპაგანდა იყენებდა აშშ-ის საზოგადოებაში ჯანდაცვის უწყებებისა და ხელისუფლების მიმართ უნდობლობის, განხეთქილებისა და ქაოსის გასაღვივებლად.

„საქართველოში ანტივაქსერული კამპანია დღესდღეისობით იმხელა მასშტაბებს ვერ აღწევს, როგორსაც აშშ-სა და ევროპაში, თუმცა ვაქცინების შესახებ კონსპირაციული თეორიები ვრცელდება და ამ მხრივ საქართველოშიც შეინიშნება რუსული კვალი.

რუსული დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც პირდაპირაა მიმართული სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემების წინააღმდეგ, მნიშვნელოვან რისკს შეიცავს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამედიცინო კუთხითაც. ერთი მხრივ, რუსეთი ამ გზით ცდილობს, უნდობლობა, პოლარიზაცია და ქაოსი გააღვივოს უცხო ქვეყნებში, რაც პოლიტიკური რისკის შემცველია ამ საზოგადოებებისთვის. მეორე მხრივ კი, ჯანდაცვის უწყებებისა და მედიცინისადმი უნდობლობის გაჩენამ ხალხში შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობას, რასაც ანტივაქსერული კამპანიების გააქტიურების შემდეგ ამერიკაში მომატებული წითელას შემთხვევებიც ადასტურებს”. – ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

აღსანიშნავია რომ ანტივაქსერული მოწოდებებით მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალიერარქები გამოირჩევიან. მაგალითად ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსი საბა ქადაგებაში ამბობს, რომ „დღევანდელი ვირუსი არის ეშმაკის ხელში საშუალება, რომ ადამიანები თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს…“, ეპისკოპოსის თქმით, „შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც ადამიანებს დაიმონებს“. ხოლო  ნიკოლოზ ფაჩუაშვილი – ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ამბობს: „თუ ვინმე დამაძალებს აცრას, არავითარ შემთხვევაში არ ავიცრი და თუ ვინმე ამიკრძალავს – აუცილებლად ავიცრი, რადგან ქართული ხასიათია ასეთი“.

ამ დღეებში ვაქცინაციის აუცილებლობაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმაც ისაუბრა –„მე ვიცი, ეს ანტივაქსერული მოძრაობა გლობალური მოძრაობაა. არიან ამის მიმდევრები საქართველოში, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებში, მაგრამ, ჯერჯერობით, ამ მოძრაობამ ვერ დაძლია ის საღი, სამედიცინო აზრი და მიდგომა, რომ ვაქცინა შედის მედიცინის ყველაზე დიდ აღმოჩენათა პირველ სამეულში“, – თქვა გამყრელიძემ.