რუსული „გორჩაკოვის ფონდი" საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში სტაჟირების უფასო პროგრამებზე იწვევს

პუბლიკა

რუსეთის მიერ 2010 წელს შექმნილი „გორჩაკოვის ფონდი“ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში სტაჟირების უფასო პროგრამებზე იწვევს.

განცხადება საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციამ „ფეისბუქზე“ დღეს, ქართულ და რუსულ ენებზე გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ სტაჟირების პროგრამები ცხადდება შემდეგი მიმართულებებით: მედიცინა, ბირთვული ტექნოლოგიები და საერთაშორისო ურთიერთობები.

„აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება არჩეულ სფეროში და დაამყარონ პროფესიული კონტაქტები. არ გაუშვათ ხელიდან შანსი, მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო დიალოგის განვითარებაში“, – წერია განცხადებაში.

ტრენინგები ეტაპობრივად ტარდება, 12 ოქტომბრიდან იწყება და 15 დეკემბერს მთავრდება. რუსული მხარე მონაწილეობის ყველა ხარჯს ფარავს.

გორჩაკოვის ფონდი“ 2010 წელს დმიტრი მედვედევის ინიციატივით დაარსდა და „ორიენტირებულია საერთაშორისო საზოგადოებრივი დიპლომატიის, კულტურულ–განათლების და საერთაშორისო იმიჯის ფორმირების პროგრამებზე“.

უკრაინული მკვლევრების შეფასებით, მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსისა, ფონდი მკაცრად კონტროლდება რუსეთის სახელმწიფოს მიერ, მისი ბიუჯეტის ნახევარი მოდის ფედერალური სახსრებიდან, დანარჩენი კი უცნობი კერძო დამფინანსებლებისგან – სავარაუდოდ, რუსი ოლიგარქებისგან.

ფონდი გამოიყენება როგორც რბილი ძალის ინსტრუმენტი, რომელიც მხარს უჭერს პრორუსულ ნარატივებს და ცდილობს, გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ურთიერთობებზე, პოლიტიკოსებსა და ანალიტიკურ წრეებზე.

მაგალითად, საქართველოში ამ ფონდის მხარდაჭერით ფუნქციონირებს „პრიმაკოვის ფონდი“, რომელიც ასევე ხელს უწყობს კულტურული და საზოგადოებრივი პროგრამების ჩატარებას და იყენებს რბილ ძალას რუსეთის მხარდაჭერის გასაძლიერებლად ქართულ საზოგადოებაში.

2018 წელს თბილისში „გორჩაკოვის ფონდის“ მხარდაჭერილი ფორუმი ჩაიშალა.