რუსული კანონი ხელს შეუშლის სტრატეგიულ პარტნიორებს, გააგრძელონ ქვეყნის განვითარების მხარდაჭერა - ბრიტანეთის საელჩო

პუბლიკა

„გაერთიანებული სამეფო იზიარებს ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ღრმა შეშფოთებას გუშინ პარლამენტში „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების შესახებ. მიღების შემთხვევაში, შემოთავაზებული კანონი ხელს შეუშლის საქართველოს მეგობრებს და სტრატეგიულ პარტნიორებს გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა“,- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„წამყვანი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებიდან ჩანს, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს დონორების მხარდაჭერის ხელის შეშლას და ლეგიტიმური სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ჩახშობას, რაც ეწინააღმდეგება საერთო ღირებულებებს და საერთაშორისო სტანდარტების მიმართ აღებულ ვალდებულებებს, რომელსაც ველით პარტნიორი ქვეყნისგან და რაც ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მისწრაფებას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

მოვუწოდებთ საქართველოს მმართველ ძალას გაითვალისწინონ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის და საერთაშორისო პარტნიორების წუხილი, სანამ გააგრძელებენ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობას“,- ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.

მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.

მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ისინი დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.