რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

პუბლიკა

რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეგისტრაცია 83-მა დეპუტატმა გაიარა. დარბაზში არ იყო ოპოზიცია.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კანონპროექტს მხარი „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 82-მა დეპუტატმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა.

პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლების დროს ხმაური იყო. ოპოზიციონერი დეპუტატები მაგიდაზე ხელებს აბრახუნებდბენ და  სკანდირებდნენ – „არა რუსულ კანონს!“, „მოღალატე!“ შალვა პაპუაშვილმა სხდომა დაატოვებინა ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, თინა ბოკუჩავას და ანა ნაცვლიშვილს. დარბაზი დატოვეს სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც.

უმრავლესობის დეპუტატებს მაგიდაზე ევროკავშირის და საქართველოს დროშები ჰქონდათ გამოფენილი.

განხილვის პარალელურად პარლამენტთან მოქალაქეები არიან შეკრებილნი.

კანონპროექტმა კანონად ქცევამდე პლენარულ სხდომებზე კიდევ 2 მოსმენა უნდა გაიაროს. პლენარული სხდომები პარლამენტში 2 კვირაში ერთხელ იმართება.


გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლებამ მონაწილეები ძალისმიერი მეთოდებით დაარბია – პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე ადამიანი, რომლებსაც დაზიანებები აღენიშნებათ. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, ყველა მათგანი ნაცემია.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გუშინ ხელისუფლებამ უგულებელყო შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება და ხოლო პოლიციელებმა საპროტესტო აქციის დროს საფრთხე შეუქმნეს ადამიანთა ჯანმრთელობას.