„რუსული კანონი შემოიტანეს თავიდან, რომ ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვონ რუსეთს" - ქალი დეპუტატები

პუბლიკა

„ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის პარლამენტში კვლავ ინიციირების დაანონსების შემდეგ, ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ ამით მმართველი პარტია ცდილობს, ქვეყანა რუსეთს მიაჯაჭვოს და ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს.

„ამ მოცემულობაში არის გადამწყვეტი ფაზა ბრძოლის, როგორ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ. ჩვენ გავაგრძელებთ შეუპოვარ ბრძოლას ქართული დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება” მარცხდება და როგორც „სხვა ბოროტ ძალებს სჩვევიათ”, ცდილობს ამ მარცხში მთელი ქვეყანა ჩაიყოლოს.

„ქართული ოცნება” მარცხდება და როგორც ყველა ბოროტ ძალას სჩვევია, გადაწყვიტა, რომ თავის მარცხში ჩაიყოლოს მთელი ქვეყანა. ეს არ გამოუვათ. რუსული კანონი შემოიტანეს თავიდან იმიტომ, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვონ რუსეთს. მაშინ, როდესაც თქვენ, ჩვენ და ამ ქვეყნის ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქეს მკაფიოდ აქვს გაკეთებული და გაცხადებული არჩევანი – საქართველო მიდის ევროპისკენ და აუცილებლად მივალთ იქ, თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ჩაეხსნას ამ პროცესს, ჩაეხსნას და დარჩეს წარსულში”, – თქვა ნაცვლიშვილმა.

ამაზე ისაუბრა ხატია დეკანოიძემაც და მოქალაქეებს მოუწოდა, „ქართულ ოცნებას” ქვეყნის უკანსვლის საშუალება არ მიცენ და ამისთვის ერთად ყველაფერი გააკეთონ.

„მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა უპრეცედენტო გამარჯვება, ქართველი ხალხი გამოვიდა ქუჩაში ამის საზეიმოდ და საქართველოს ნაკრები თავდაუზოგავი შრომით, ჩვენი ფეხბურთელების თავგანწირვით მიდის ევროპის ჩემპიონატზე, „ქართულმა ოცნებამ” კვლავ გაბედა და შემოიტანა რუსული კანონმდებლობა. მივმართავ ყველას, მათ შორის ქალებს, ახალგაზრდებს, ყველა ადამიანს – ჩვენს შვილებს, მშობლებს, ყველას, ვინც ჩვენთან ერთად იდგა შარშან მარტში – ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას” არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის უკანსვლის საშუალება”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ანი წითლიძემ კი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაშინ, როცა ისინი რუსული კანონის მიღებას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დამაზიანებელ პროცესად მიიჩნევენ, მმართველი პარტია კვლავ „ბედავს”, საზოგადოების ნებას „გადაუაროს”.

„მაშინ, როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ რუსული კანონის შემოღება არის ის, რაც დააზიანებს ამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ივანიშვილის პარტია ბედავს, გადაუაროს საქართველოს მოქალაქეების ნებას, რომლებმაც იბრძოლეს ამ რუსული კანონის წინააღმდეგ და ხელახლა ეს კანონი დააბრუნოს პარლამენტში”, – თქვა წითლიძემ.

დღეს მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნება დააანონსა. მან ბრიფინგზე თქვა, რომ გადაწყვეტილება გუშინ გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.

ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დაინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

„ქართული ოცნების“ ლიდერები მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ამ კანონპროექტს არცერთი ფორმით აღარ დააბრუნებდნენ.