„ხალხის ძალის“ კანონპროექტს აქვს მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ვერასოდეს განხორციელდება ბაკურიანის გეგმა, ანუ „ენჯეოების“ ხელით საქართველოში „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსული კანონის ჩავარდნის შემდეგ განაცხადა.
კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას სიძულვილის ენა გამოიყენა.
„კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველი – ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. ეს არის პირველი მიღწევა, რაც აქვს ამ კანონპროექტს;
მეორე, ასევე ყველამ გაიგო, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორებიც არის, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე, ასევე გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, PVT-ის გაყალბება, ეკლესიის გინება, ლგბტ პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან, სინამდვილეში, არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები. ეს არის მეორე ინფორმაცია, რომელიც ამ კანონპროექტმა გაუზიარა ქართულ საზოგადოებას ძალიან ცხადად და მკაფიოდ;
შესაბამისად, მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც აქვს ამ კანონპროექტს არის ის, რომ ვერასოდეს განხორციელდება ბაკურიანის გეგმა, ანუ „ენჯეოების“ ხელით საქართველოში „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა.
ამისათვის მადლობას ვუხდი „ხალხის ძალის“ გუნდს, რომელმაც დააინიციირა ეს კანონპროექტი, ასევე თითოეულ დეპუტატს, რომელმაც ამ კანონპროექტს პირველი მოსმენის დროს მხარი დაუჭირა. ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, ბევრ რამეს გავუწიეთ ანგარიში და დღეს ეს გადაწყვეტილება იქნა გაფორმებული პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის მიხედვით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.