რუსული კანონის განხილვა ხვალ გაგრძელდება

პუბლიკა

პარლამენტში რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ გაგრძელდება.

დღეს, 16 აპრილს, პლენარული სხდომა 21:00 საათზე დაიხურა. ეს რეგლამენტით განსაზღვრული წესია.

წესის მიხედვით, სხდომები 7 საათამდე გრძელდება, მაგრამ დეპუტატთა გადაწყვეტილებით, მისი გაგრძელება 9 საათამდეა შესაძლებელი.

სხდომის დახურვამდე მომხსენებელმა მამუკა მდინარაძემ რუსული კანონი წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

ამის შემდეგ პარლამენტის წევრებმა სიტყვით გამოსვლა დაიწყეს.

სხდომა ხვალ კვლავ სიტყვით გამოსვლებით გაგრძელდება, რის შემდეგაც კანონპროექტი პირველი მოსმენით კენჭისყრაზე გამოვა.

პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტმა კიდევ ორი მოსმენა უნდა გაიაროს. კანონი პარლამენტის მიერ მიღებულად მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ ითვლება.

რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. მობილიზებულია დიდი ოდენობით საპოლიციო ძალაც.