რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ მათ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად, გამოიყენებენ ალტერნატიული სამართლებრივი დავის გზას. პარალელურად კი, მათი განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად ემზადებიან.

„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე.

ამისათვის ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება.

თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოდ არ მივიჩნევთ ბრძოლის ერთადერთ გზად. ჩვენი სამართლებრივი ბრძოლა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდება, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიული სამართლებრივი დავის გზას. პარალელურად, ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს.

ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიას, რომელსაც ეხება ეს კანონი, შეუძლია მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. არა რუსულ კანონს, კი – ევროპას!“, – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.