რუსული კანონის მიღების გამო საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

პუბლიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისა და კანონის მიღების შემდეგ, 29 მაისს, საქართველოს ელჩი დაიბარეს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა 9 რეკომენდაციის შესრულების პირობით, ხოლო როდესაც პარლამენტმა რუსული კანონის განხილვა დაიწყო, ევროკავშირმა ცალსახად გააფრთხილა ქვეყანა, რომ რუსული სტილის კანონი არ შეესაბამებოდა ევროკავშირის სტანდარტებსა და ღირებულებებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან და სხვა ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დაშინებისა და შეზღუდვისკენ.

ეს ქმედებები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით დაფიქსირებულ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებებს […].

ქვეყანაში ცოტა ხნის წინ დაინიციირდა კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირში ინტეგრაციასთან. გავრცელდა ანტიდასავლური პროპაგანდა და მასობრივი პროტესტი მოჰყვა ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ძალადობის კამპანიას.

ლიეტუვა ღრმად არის შეშფოთებული ამ მოვლენებით და პარტნიორებთან ერთად განიხილავს შესაძლო კონტრზომებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.