პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. კანონპროექტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე წარადგენს. დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავენ.
ოპოზიციას სხდომის გადადების საკითხის დაყენება სურდა, თუმცა ანრი ოხანაშვილმა მათ განხილვის დაწყებამდე პროცედურით გათვალისწინებული განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა. მოგვიანებით, პირველი მუხლის განხილვის დროს გიორგი ვაშაძემ სცადა ამ პოზიციის დაფიქსირება, თუმცა ანრი ოხანაშვილმა მას სიტყვა შეაწყვეტინა.
„თქვენ კონტრაქცია გაქვთ დაგეგმილი და ამიტომ შეთავაზება იყო, რომ ეს კომიტეტი გადადებულიყო, რომ ყოველგვარი პროვოკაცია,ან ინციდენტი იყოს თავიდან არიდებული,“ – განაცხადა ვაშაძემ, რის შემდეგაც კომიტეტის თავმჯდომარემ მას მიკროფონი გაუთიშა.
„ნებისმიერი საკითხი, რომელიც ცდება მუხლობრივად საკითხის განხილვას, ჩამორთმეული სიტყვა იქნება,“ – მიმართა ოხანაშვილმა ვაშაძეს.
ოხანაშვილმა თქვა, რომ დეპუტატებს კითხვის დასმისთვის 2-წუთიანი რეგლამენტი აქვთ და თუკი რეგლამენტს დაარღვევენ ან მიკროფონის გარეშე საუბარს გააგრძელებენ დარბაზის დატოვება მოუწევთ.
ამ დროისთვის ოხანაშვილმა უკვე გაფრთხილება მისცა ოპოზიციის 8 წარმომადგენელს, – გიორგი ვაშაძეს, თინა ბოკუჩავას, ანა ნაცვლიშვილს, თაკო ჩარკვიანს, რომან გაცირიძეს, ლევან ხაბეიშვილს, ხატია დეკანონიძეს და ეკა ხერხეულიძეს.
განხილვის გამო პარლამენტში კვლავ შეიზღუდა ვიზიტორთა დაშვება. პარლამენტის სასახლეში არ უშვებენ ონლაინ-, ბეჭდურ და რადიომედიას. დაშვებულია მხოლოდ ტელემედია. ონლაინ მედიას პარლამენტში შესვლა მას შემდეგ აუკრძალეს, რაც „ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი მეორედ დააინიციირა. საბაბად „რადიკალური პროტესტი” დასახელდა.