რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მთაწმინდაზე 2 ნაკადად იწყებენ მსვლელობას.
ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რატი ამაღლობელმა რუსთაველის გამზირზე სცენიდან განაცხადა.
„ჩვენ უნდა ვმოძრაოთ თბილისში, უნდა ვიმოძრაოთ მთაწმინდაზე. ამ უბანში უნდა გამოვხატოთ ჩვენი თავისუფალი მანიფესტაციით ჩვენი ნება.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან და პირველი სკოლიდან.
ჩვენ ვიცავთ საქართველოს აწმყოს და მომავალს, ჩვენ ვიცავთ იმ სიკეთეებს, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს, ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას.
ასე რომ, ერთ ხაზად, მწყობრად, მოწესრიგებულად დავიძრებით. ერთი ნაკადი მიდის პირველი გიმნაზიიდან, მეორე ნაკადი – მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან”. – თქვა რატი ამაღლობელმა.
მოქალაქეებმა პარლამენტთან შეკრება 5 საათიდან დაიწყო. რუსთველის გამზირი მალევე გადაიკეტა. დღევანდელ აქციას მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შემოუერთდნენ.
პარალელურად პარლამენტი რუსულ კანონს II მოსმენით განიხილავდა. 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩის კუთხეებში განლაგებულია პოლიცია, ხოლო პარლამენტის უკანა შესასვლელთან – სპეცრაზმი.
მოქალაქეები სკანდირებდნენ: „რუსებო”, „არა რუსულ კანონს”, „არა რუსულ მთავრობას”.
მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის და „ხალხის ძალის” დეპუტატებმა პარლამენტის შენობა დატოვეს, შსს-მ განაცხადა, რომ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან პოლიციის კორდონები გაყავს.
„აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე”. – განაცხადა უწყებამ.
გუშინ, 30 აპრილი-1 მაისის ღამეს რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ სპეცრაზმი, წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პოლიციამ ფიზიკურად იძალადა დემონსტრანტებზე.
მათ შორის, სასტიკად სცემეს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს. მას ცხვირის და სახის ძვლების მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე 63 დემონსტრანტი დააკავა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მიზეზით.