რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ ვასრულებთ, უპირობო გაუქმებას აუცილებლად მივაღწევთ - ქურდოვანიძე

პუბლიკა

რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე და წერს, რომ ბრძოლა არ სრულდება. საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო.

„საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, თავისი სიტყვა ეთქვა ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ, ემოქმედა კონსტიტუციის შესაბამისად და შეეჩერებინა ნორმები. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ მასზე დაკისრებული ფუნქცია ვერ შეასრულა. თუმცა, ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ ჩვენ ბრძოლას არ ვასრულებთ და მის უპირობო გაუქმებას აუცილებლად მივაღწევთ“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელები 29-31 აგვისტოს განიხილა. სარჩელებით მოთხოვნილი იყო რუსული კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების გამოტანამდე კი მისი მოქმედების შეჩერება. რუსული კანონი პარლამენტმა 2-თვიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, მაინც მიიღო. ის ძალაში 4 ივნისიდან შევიდა.

2 აგვისტოდან ორგანიზაციები და მედიები, რომელთაც კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად მონიშნავს, ვალდებულები ხდებიან, დარეგისტრირდნენ ე.წ. რეესტრში. მათ საამისოდ ერთი თვე ჰქონდათ. დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში ჯარიმები 5 000 ლარიდან 25 000 ლარამდე მერყეობს.

პროცედურის მიხედვით, ორგანიზაციამ ჯერ რეგისტრაცია უნდა გაიაროს, შემდეგ კი სპეციალურ ვებგვერდზე ფინანსური დეკლარაცია ატვირთოს.

დოკუმენტაციის შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს ერთი თვე აქვს, სწორედ ამ პროცესში ენიჭება მას უფლებამოსილება, გამოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. მათ შორისაა: ფიზიკური პირის რასობრივი და ეთნიკური კუთვნილება, სქესობრივი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულება, რელიგიური, ფილოსოფიური ან სხვაგვარი მრწამსი, აგრეთვე – ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები.

კანონში წერია, რომ ყველა პირი, ორგანო თუ ორგანიზაცია ვალდებულია, გასცეს ეს ინფორმაცია