რუსთაველზე მიმდინარეობს აქცია, სადაც რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას აპროტესტებენ.
„რუსული ხომალდი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს” – სკანდირებენ აქციის მოინაწილეები. მათ რამდენიმე წუთის წინ „Georgian airways”-ის ოფისთან გადაინაცვლეს. ვინაიდან კომპანია 20 მაისიდან გეგმავს დაიწყოს ფრენები ოკუპანტ ქვეყანასთან.
ავიაკომპანიის ოფისთან პოლიციაა მობილიზებული.
15 მაისს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსული ავიაკომპანია „აზიმუტს“ ქვეყანაში ფრენის ნებართვა მისცა.
„აზიმუტს“, რომელიც 17 მაისიდან თბილისში იფრენს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული.
საიტზე booking.azimuth.aero მომხმარებელს შეეძლო ქვეყნის გრაფაში აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთი მიეთითებინა – გუშინ, 15 მაისს, ამ ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები კომპანიის საიტზე აღარ იძებნებოდა.
რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines 2022 წლის 19 ოქტომბრიდან უკრაინის მიერ სანქცირებული კომპანიების სიაშია. ავიაკომპანია 17 მაისიდან რეისს მოსკოვი – თბილისი – მოსკოვი კვირაში შვიდჯერ შეასრულებს.
უკრაინის საგარეო უწყების მხარდაჭერის მქონე პორტალზე სანქცირების მიზეზი ასეა განმარტებული:
„კომპანია მუშაობს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში და უზრუნველყოფს მაღალი დონის მატერიალურ მხარდაჭერას (სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და სხვა) იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.
თბილისში ფრენების ნებართვის გაცემას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. პუტინის ეს გადაწყვეტილება მოიწონეს საქართველოს მთავრობაში, ხოლო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, განიხილოს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხი.