რუსული მედიის ცნობით, ნინო ბურჯანაძემ გავრილოვის გამო მოსკოვში ბოდიში მოიხადა

პუბლიკა

რუსული პროსახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გავრილოვის ვიზიტის გამო განვითარებულ მოვლენებზე რუსებს ბოდიში მოუხადა.

სააგენტო TACC-ის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ ბოდიში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევთან შეხვედრისას მოიხადა.

„არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო ამ აბსოლუტურად ამაზრზენი ინციდენტის გამო. მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ვერ დაგასრულებინებთ, ვიდრე ბოდიშს არ მოგიხდით. რადგან მიმაჩნია, რომ ეს უპირველესად, ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა“, – თქვა ბურჯანაძემ კოსაჩევთან შეხვედრაზე.

TACC-ის ინფორმაციით, კოსაჩევმა, თავის მხრივ, ბურჯანაძეს ბოდიშისთვის მადლობა გადაუხადა.

20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატმა და კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებელობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა. რასაც მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის წინ გამართული აქცია სპეცდანიშნულების რაზმმა დაშალა.