რუსული მედიის ინფორმაციით, ქსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვა

პუბლიკა

რუსული პროკრემლისტური მედიის ინფორმაციით, ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვა. სობჩაკი წუხელ ბელარუსის გავლით ლიეტუვაში გადავიდა. როგორც სააგენტო TASS წერს, ამის შესახებ მათ სამართალდამცავი უწყებებიდან აცნობეს.

„მან მოსკოვი გვიან ღამით დატოვა. ამავდროულად ინტერნეტით შეიძინა ბილეთი ჯერ დუბაის, შემდეგ კი თურქეთის მიმართულებით. ეს ძალოვანი უწყებების დასაბნევად გააკეთა. საბოლოოდ კი, ბელარუსის გავლით ლიეტუვაში ჩავიდა“, – ამბობს წყარო პროკრემლისტურ გამოცემასთან.

წყაროსვე ინფორმაციით, გამომძიებლები უკვე სობჩაკის დაკავებას გეგმავდნენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სობჩაკის აგარაკზე ჩხრეკა ჩატარდა, რომელიც სობჩაკის მედიაჰოლდინგის კომერციული დირექტორის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან იყო კავშირში.

მისი კომანიის კომერციული დირექტორი კირილ სუხანოვი დაკავებულია. რუსული მედიის ინფორმაციით, გამოძიება სასამართლოს სობჩაკისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვისაც მიმართავს.