რუსული ტელეარხის პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის გამოხატულებაა - ზალკალიანი

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს დროშის გამოსახვა რუსული ტელეარხის სტუდიის იატაკზე, რომელზეც წამყვანები იდგნენ, პროვოკაციული ნაბიჯი და საქართველოს დროშის შეურაცხყოფა იყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზალკალიანმა ეს ფაქტი მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის ელჩთან შეხვედრისას, რომელიც ორ ქვეყანას შორის მედიატორის ფუნქციას ასრულებს.

„დავით ზალკალიანმა შვეიცარელ მედიატორებთან მწვავედ გააპროტესტა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციული ნაბიჯი, როგორც რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის ნათელ გამოხატულება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული.

მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და თავადვე ემიჯნება ღირებულებებსა და წესებზე დაფუძნებულ ცივილიზებულ სამყაროს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსულ ტელეარხის Россия-1-ის ერთ-ერთ გადაცემაში, სტუდია ისე იყო მოწყობილი, რომ გადაცემის წამყვანები, ოლგა სკაბეევა და ევგენი პოპოვი იატაკზე გამოსახულ საქართველოს დროშაზე იდგნენ. გადაცემის დროს კი მათ სააკაშვილზე პენიტენციური სამსახურის გავრცელებული კადრები გამოიყენეს და საქართველოს მესამე პრეზიდენტი დამამცირებლად მოიხსენიეს.