საპარლამენტო ოპოზიციონერი დეპუტატები პოლიტიკოსების მიმართ ძალადობაზე რეაგირებას მოითხოვენ. როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ალეკო ელისაშვილის გარდა, პოლიციამ იძალადა „ლელოს” წევრ ირაკლი კუპრაძეზე.
აღსანიშნავია, რომ კუპრაძე 16 აპრილს გამართულ აქციაზე დააკავეს და ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ.
„პოლიტიკური ძალადობა გახადა უკვე ნორმად რუსულმა ხელისუფლებამ. რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მარტო სცემენ, არამედ კლავენ კიდევაც. ბიძინა ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ იმავე გზას დაადგება და ვინმეს შეეშინდება, ძალიან შემცდარა. ნაცემია „ლელოს“ გენერალური მდივანი, ბატონ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმა ყველას გვახსოვს…არავის არ ეშინია, არანაირი ძალადობის და ჩვენ მოვითხოვთ რეაგირებას ყველა შემთხვევაზე, მათ შორის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმაზე”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გუშინ, 17 აპრილს, ალეკო ელისაშვილი პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში და კანცელარიის ტერიტორიიდან გაიყვანა. მანამდე, მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დაპირისპირება იყო. უცნობია, რას მოჰყვა შელაპარაკება, თუმცა როგორც ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, ელისაშვილს შენობაში შესვლა სურდა.