რუტე: თუ ვინმე ფიქრობთ, რომ ევროპას აშშ-ის გარეშე თავის დაცვა შეუძლია, ოცნება განაგრძეთ

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივანმა, მარკ რუტემ ევროპარლამენტში თქვა, რომ „ევროპას შეუძლია, ოცნება გააგრძელოს, თუ ფიქრობს, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე თავის დაცვა შეუძლია“.

რუტე სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში, უსაფრთხოებისა და თავდაცვის (SEDE) და საგარეო საქმეთა (AFET) კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, შემდეგ კი ევროპარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა. აღნიშნული განცხადება NATO-ს გენმდივანმა სწორედ კითხვების პასუხად თქვა.

„თუ ვინმე აქ კვლავ ფიქრობს, რომ ევროკავშირს ან მთლიანად ევროპას შეუძლია საკუთარი თავის დაცვა აშშ-ის გარეშე, განაგრძეთ ოცნება. თქვენ ეს არ შეგიძლიათ. ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება“, – თქვა მან.

მარკ რუტემ ასევე განაცხადა, რომ ევროპულ ქვეყნებს შესაძლოა, თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 10%-მდე გაზრდა მოუწიოთ, თუ მათ „ამის გაკეთება [თავის დაცვა] ნამდვილად მარტო სურთ“.

NATO-ს გენმდივანმა დასძინა, რომ მათ მოუწევთ საკუთარი ბირთვული შესაძლებლობების შექმნა, რაც მილიარდობით ევრო დაჯდება.

„ამ სცენარის შემთხვევაში, თქვენ დაკარგავთ ჩვენი თავისუფლების უმთავრეს გარანტს – აშშ-ის ბირთვულ ქოლგას. ასე რომ, ჰეი, წარმატებებს გისურვებთ“, – თქვა მარკ რუტემ.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე ილაპარაკა გრელანდიაზე და თქვა, რომ დონალდ ტრამპი მართალია, ვინაიდან მან წამოჭრა არქტიკული უსაფრთხოების საკითხი.

„ვფიქრობ, ის მართალია. არქტიკის რეგიონში ნამდვილად არსებობს პრობლემა. ეს კოლექტიური უსაფრთხოების საკითხია, რადგან საზღვაო გზები იხსნება, ჩინეთი და რუსეთი კი სულ უფრო მეტად აქტიურდებიან“, – განაცხადა მან.

მარკ რუტესვე თქმით, გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით მუშაობა ორი მიმართულებით წარიმართება. პირველი გულისხმობს NATO-ს მიერ არქტიკის დაცვაზე მეტი კოლექტიური პასუხისმგებლობის აღებას, რათა აღიკვეთოს რუსეთისა და ჩინეთის წვდომა რეგიონზე, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

მეორე მიმართულება კი მოიცავს სამმხრივი დისკუსიების გაგრძელებას აშშ-ს, დანიასა და გრენლანდიას შორის. რუტემ დასძინა, რომ ის ამ მოლაპარაკებებში არ ჩაერევა, რადგან მას არ აქვს მანდატი, დანიის სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები და არც აპირებს ამის გაკეთებას.

მანამდე, სიტყვით გამოსვლის დროს მარკ რუტემ ასევე ილაპარაკა როგორც არქტიკის უსაფრთხოებაზე, ისე უკრაინსა და თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდის აუცილებლობაზე.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ მალე 4 წელი გახდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან და უკრაინას ახლა უდგას ყველაზე რთული ზამთარი – ძალიან დაბალი ტემპერატურა და გამორთული ელექტროენერგია რუსეთის თავდასხმების ფონზე.

„ამავდროულად, აშშ-ის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელდება. პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი: ჯარედ კუშნერი, სტივ უიტკოფი, მარკო რუბიო ბევრს შრომობენ სისხლისღვრის დასასრულებლად. ეს ხდება ევროპელების მხარდაჭერით. „მსურველთა კოალიცია“, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მეთაურობით, წარმართავს ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოების მყარი გარანტიები, მათ შორის უკრაინაში ძალების განთავსება რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ. როგორც იცით, ევროპამ, კანადამ და აშშ-მა დაადასტურეს მზადყოფნა ამ გარანტიების წარსადგენად. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პუტინმა პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ან გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ (და ვილოცოთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს) ვერასოდეს ვეღარ გაბედოს უკრაინაზე თავდასხმა, რადგან ეცოდინება, რომ ამ გარანტიების გამო მას შანსი არ აქვს“, – განაცხადა რუტემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ NATO-ს მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გრძელდება, მათ შორის, PEARL-ის ინიციატივის მეშვეობით, რომლითაც უკრაინაში ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა შედის და ამისი საფასური დასავლელმა მოკავშირეებმა გადაიხადეს.

მარკ რუტემ ხაზი გაუსვა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას, თუმცა, დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, ევროპამ აღნიშნული თანხის დახარჯვისას მოქნილობა უზრუნველყოს და ზედმეტად არ შეიზღუდოს დათქმებით.

„NATO და ევროკავშირი ახლა ერთად მუშაობენ უკრაინის დასახმარებლად როგორც ბრიუსელში, ისე კიევში. სამხედრო დახმარების კოორდინაცია, უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადება და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერების მცდელობები – ეს ყველაფერი ერთმანეთს ავსებს. ჩვენ ეს უნდა გავაგრძელოთ. ეს მნიშვნელოვანია უკრაინის უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ აქ სასწორზე ჩვენი უსაფრთხოებაც დგას“. – თქვა რუტემ და აქცენტი თავდაცვის ხარჯების 5%-მდე გაზრდაზე გააკეთა.

მისი თქმით, ევროპამ ხარჯები უნდა გაზარდოს, თანაც სწრაფად.

„პირველ რიგში იმიტომ, რომ ამას უსაფრთხოების მდგომარეობა მოითხოვს, და მეორეც იმიტომ, რომ დრო, როდესაც ჩვენს საერთო უსაფრთხოებაზე ტვირთის დიდ ნაწილს შეერთებულ შტატებს ვაკისრებდით, უბრალოდ დასრულდა.

სამართლიანია, რომ ევროპამ და კანადამ მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე. იმის უზრუნველყოფა, რომ მოკავშირეებმა გააძლიერონ და დააჩქარონ ძალისხმევა თავდაცვის სფეროში, ჩემთვის და ნატოსთვის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება ანკარის სამიტისთვის მზადებისას ივლისში“. – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

რაც შეეხება არქტიკას, რუტემ აღნიშნა, რომ „რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი სულ უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს“.

„ისინი გამოწვევას გვიქმნიან, მაგრამ მათი პარტნიორობა ჯერ კიდევ არ არის კარგად განვითარებული. ნატო და ევროკავშირი მათზე ბევრად წინ ვართ. ჩვენმა ერებმა კარგად იციან, რას ნიშნავს თანამშრომლობა. ეს ეხება როგორც დასავლეთ ბალკანეთს, ისე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს – კორეას, იაპონიას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას“. – განაცხადა NATO-ს გენმდივანმა.