რუტე: უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისთვის, ბურთი რუსეთის მოედანზეა

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ამბობს, რომ „უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტისა და დაუყოვნებლივი მოლაპარაკებებისთვის და ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“.

რუტემ კომენტარი თურქეთში, ანტალიაში, ჟურნალისტებთან NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე გააკეთა.

„მათ [რუსებმა] უნდა ახსნან, რას აკეთებენ, რატომ არიან აქ, რა გუნდით და ა.შ. მაგრამ ნათელი უნდა იყოს, რომ ბურთი რუსეთის მოედანზეა.

უკრაინას სურს მოლაპარაკებების დაწყება რაც შეიძლება მალე. მადლობა უნდა გადავუხადოთ აშშ-ს და პრეზიდენტ ტრამპს, რომ ჩიხიდან გამოვედით. ახლა რუსებმა უნდა აჩვენონ, რომ ისინი დგამენ შემდგომ აუცილებელ ნაბიჯებს.

თურქეთს ყველა პარტნიორთან კარგი ურთიერთობა აქვს და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მაგრამ ჯერ რუსეთი სათანადო დელეგაციით უნდა მოვიდეს, რათა ვნახოთ, რა მოხდება შემდგომ დღეებში.

მე ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი, რომ რუსებსაც სურთ, მოხდეს გარკვეული ცვლილებები არსებულ ვითარებაში. მე ჯერაც ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ“, – თქვა მარკ რუტემ.

ანტალიაშია მარკო რუბიო, აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი. ის ელაპარაკა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას.

პარალელურად სტამბოლში დაგეგმილია უკრაინის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა. შეხვედრას დაესწრება ამერიკული მხარეც. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, დოლმაბაჰჩეში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამუშაო ოფისში გაიმართება.

მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს, მის გარდა დელეგაციაში არიან – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი,  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი, იგორ კოსტიუკოვი.

უცნობია, ვინ იქნება წარმოდგენილი უკრაინის მხრიდან.

გასულ შაბათ-კვირას აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით მოუწოდებდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, სტამბოლში პუტინს პირადად შეხვედროდა და მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ეწარმოებინა.

ზელენსკი ინიციატივას დათანხმდა და თქვა, რომ პუტინს პირადად ელოდება სტამბოლში.

ზელენსკი ახლა თურქეთშია, თუმცა, დედაქალაქ ანკარაში – ის აქ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. BBC-ის ცნობით, მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას ზელენსკი სწორედ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

Reuters ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აშშ-ს მოლაპარაკებებზე ტრამპის წარმომადგენლები, კიტ კელოგი და სტივ უიტკოფი წარმოადგენდნენ, თუმცა ბოლო დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოლაპარაკებებს მარკო რუბიო დაესწრება.