„რუსეთის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს“ - მსოფლიო ლიდერები ნავალნის დაღუპვას ეხმაურებიან

პუბლიკა

მსოფლიო ლიდერები რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაღუპვას ეხმაურებიან.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ნავალნის გარდაცვალებას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი იყო. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირი პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს.

„ალექსეი ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის. თავისი იდეალებისთვის მან უმაღლესი მსხვერპლი გაიღო. ევროკავშირი ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს. ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და ყველას, ვინც უბნელეს პირობებში იბრძვის დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში, თუმცა ბრძოლა თავისუფლებისთვის არასდროს მთავრდება“, – დაწერა შარლ მიშელმა.

მისი სიკვდილი რუსეთის ციხეში და ერთი კაცის აკვიატება და შიში მხოლოდ ხაზს უსვამს პუტინის აშენებული სისტემის სისუსტესა და ლპობას,” – ამ განცხადებით ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნავალნის გარდაცვალებას.

ბლინკენის შეფასებით, პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

„მისი სიკვდილი რუსეთის ციხეში და ერთი კაცის აკვიატება და შიში მხოლოდ ხაზს უსვამს პუტინის აშენებული სისტემის სისუსტესა და ლპობას. ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ჩვენ განვიხილავთ ამას ბევრ სხვა ქვეყანასთან, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ალექსეი ნავალნის ბედით, განსაკუთრებით თუ ეს ცნობები სიმართლეს აღმოჩნდება,” – ამბობს ბლინკენი.

კომენტარი გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც. მისი თქმით, ნატო და მოკავშირეები ნავალნის გათავისუფლებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.

„ნავალნი იყო დემოკრატიის და თავისუფლების ხმა წლების განმავლობაში. ნატო და მისი მოკავშირეები ითხოვდნენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას დიდი ხნის განმავლობაში. სიკვდილის მიზეზებთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაციას არ ვფლობთ, ამიტომ აუცილებელია, რომ ფაქტები დადასტურდეს. რუსეთს ძალიან ბევრ სერიოზულ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. რუსეთი უფრო და უფრო ავტორიტარული ძალა ხდება.  ის დევნის და ავიწროვებს ოპოზიციონერებს მათ ქვეყანში. ვუსამძმრებ მის ოჯახს. ჩვენ მხარს დავუწერთ ყველას, ვინც დგას დემოკრატის და თავისუფლების მხარეს”, – განაცხადა სტოლტენბერგი.

ნავალნის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც.

„დღევანდელ რუსეთში თავისუფალ სულებს გულაგში ათავსებენ და სიკვდილით სჯიან. ეს გასაბრაზებელი და აღმაშფოთებელია. პატივს მივაგებ ალექსეი ნავალნის ხსოვნას, მის ერთგულებას, გამბედაობას. ჩემი ფიქრები მის ოჯახთან, ახლობლებსა და რუს ხალხთანაა”, – წერს მაკრონი.

რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე კომენტარი გააკეთეს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმაც.

შოლცის შეფასებით, რუსეთში იმ პირებს, ვინც დემოკრატიას ემხრობა, უსაფრთხოების გარანტიები არ აქვთ.

„საშინელი ამბავია. როგორც რუსეთის დემოკრატიის ყველაზე გულმხურვალე დამცველი, ალექსეი ნავალნი ავლენდა წარმოუდგენელ სიმამაცეს მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში. ფიქრებით ვარ მის მეუღლესთან და რუსეთის ხალხთან, რომელთათვისაც ეს უზარმაზარი ტრაგედიაა“, – დაწერა რიში სუნაკმა.

„ეს ჩვენთვის ძალიან დამთრგუნველია. მე მას შევხვდი ბერლინში, როდესაც მოწამვლის შემდეგ სამკურნალოდ ჩამოვიდა, ვესაუბრე გამბედაობაზე, რომელიც საჭირო იყო რუსეთში დაბრუნებისთვის. ახლა მან სიცოცხლის ფასად გადაიხადა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა რეჟიმია ეს. მას, ვინც აკრიტიკებს, ვინც იცავს დემოკრატიას, უნდა ეშინოდეს საკუთარი სიცოცხლის და უსაფრთხოების, ამიტომ ვართ შეძრწუნებულები. ჩვენი ფიქრები მის ცოლთანაა, შვილებთან, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან. ეს ნიშანია, თუ როგორ შეიცვალა რუსეთი. სამწუხაროდ, ეს პროცესი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, ის დიდი ხანია, რაც ჩამოშორდა დემოკრატიას, ეს დიდი ხანია, რაც არ არის დემოკრატია“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტი პირდაპირ დაადანაშაულა ნავალნის სიკვდილში და თქვა, რომ პუტინმა ამაზე პასუხი უნდა აგოს.

„ცხადია, ნავალნი მოკლა პუტინმა, ისევე როგორც ათასობით სხვა. პუტინს არ აინტერესებს, ვინ მოკვდება. ის ცდილობს თავისი პოზიციის შენარჩუნებას. მას [პუტინს] პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

რუსი ოპოზიციონერის დაღუპვას მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუც გამოეხმაურა.

„ალექსეი ნავალნის სიკვდილი ციხეში არის მკაფიო შეხსენება, როგორი შემაძრწუნებელია რეჟიმის მიერ განსხვავებული აზრის გათელვა. ჩემი ფიქრი მიმართულია მისი ოჯახის, ყველა დემოკრატიულად მოაზროვნე რუსის მიმართ და იმ ხალხის მიმართაც, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის რუსეთის შიგნით და მის გარეთაც”, – დაწერა სანდუმ.

ალექსეი ნავალნი კრემლის სისასტიკემ მოკლა და ამის მიზანია ნებისმიერ ფასად ოპოზიციის გაჩუმება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა წერს. მისი თქმით, რუსეთის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს მართლმსაჯულების წინაშე.

ნავალნის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა.

„ღრმად შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო. პუტინს საკუთარი ხალხის განსხვავებულ აზრზე მეტი არაფრის ეშინია. საშინელი შეხსენებაა იმისა, თუ რა არის პუტინი და მისი რეჟიმი. მოდი, გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში, რათა დავიცვათ მათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც გაბედავს ავტოკრატიის წინააღმდეგ წასვლა“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„მსოფლიომ დაკარგა მებრძოლი, რომლის გამბედაობა თაობებს გადაეცემა.  შეძრწუნებული ვარ სახაროვის პრიზის ლაურეატის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო. რუსეთმა მას წაართვა თავისუფლება და სიცოცხლე, მაგრამ არა ღირსება. მისი ბრძოლა დემოკრატიისთვის გრძელდება. ფიქრებით მის ცოლსა და შვილებთან ვართ“, – დაწერა რობერტა მეცოლამ.

ნავალნიმ სიცოცხლე რუსეთის ღირსების გადარჩენას დაუთმო, მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„შოკირებული ვარ მედიის ცნობებით ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან მამაცი ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე დაუთმო რუსეთის ღირსების გადარჩენას, დემოკრატებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმედის მიცემას.

მაშინ, როდესაც შემდგომ ინფორმაციას ველით, მოდით ნათელი ვიყოთ: ამისთვის პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია,” – წერს ბორელი.

ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა. მერკელის შეფასებით, ნავალნი რეპრესიული ძალადობის მსხვერპლი გახდა.

„ძალიან განადგურებული ვიყავი ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ. ის რეპრესიული ძალადობის მსხვერპლი გახდა. შემაძრწუნებელია, რომ ქვეყნის მამაცი, უშიშარი და თავდადებული ხმა საშინელი მეთოდებით ჩახშობილი იყო,” – წერს მერკელი.

რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე კომენტარი გააკეთა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემაც. მან ნავალნის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ „ნავალნის სიკვდილი რუსეთის რეჟიმის უპრეცედენტო სისასტიკეს ასახავს”.

სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმაც, რომელიც ახლახანს რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა. კალასზე ძებნა სისხლის სამართლის კოდექსის მუხლითაა გამოცხადებული.

„ალექსეი ნავალნის სიკვდილი კიდევ ერთი ბნელი შეხსენებაა იმ თაღლითური რეჟიმის შესახებ, რომელთანაც საქმე გვაქვს – და რატომ უნდა აგონ პასუხი რუსეთმა და ყველა მათგანმა, ვინც პასუხისმგებელია თითოეულ დანაშაულზე. ჩემი სამძიმარი და ფიქრი მათზე, ვინც ჯერ კიდევ გისოსებს მიღმაა თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო”, – წერს კალასი.


ალექსეი ნავალნი დღეს ციხეში დაიღუპა. რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგა გონება”. ის 47 წლის იყო.

„განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ ამან დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაადასტურეს მსჯავრდებულის გარდაცვალება. გარდაცვალების მიზეზები დგინდება”. – აცხადებს უწყება.