გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, თბილისში 13 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად უკავშირდება ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას და სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
სააგენტოს განცხადებით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.
„გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე: www.air.gov.ge“. – ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე,ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად:
„თბილისში წერეთლის გამზირზე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც ფიქსირდება ზოგიერთი კომპონენტის მომატებული კონცენტრაციები”.