სააგენტო ჰაერის დაბინძურებაზე: სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია ნალექსი მოსვლაზე, ქარზე

პუბლიკა

ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარინა არაბიძის კომენტარს ავრცელებს, რომელის თქმითაც, სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების (წვიმა, თოვლი, ქარი) განვითარებაზე.

სააგენტო ამბობს, რომ ჰაერში მყარი ნაწილაკების მომატებული კონცენტრაციაა:

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება, რაც განპირობებულია სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით. როგორც იცით, ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა ნალექი წვიმის ან თოვლის სახით, ასევე არ დაფიქსირებულა ქარი, რამაც განაპირობა დაბინძურების შენარჩუნება. საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვერის მასების გავრცელება წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება.სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების (წვიმა, თოვლი, ქარი) განვითარებაზე“,- განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინა არაბიძემ.

სააგენტოს ცნობით, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა საქართველოში 6 ნოემბრიდან ფიქსირდება.

უწყება ამბობს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ, ასევე, რეკომენდაციები მიიღოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge „რეკომენდაციების“ ველში.