სააგენტო: ნერგეეთში მეწყერმა სახლებამდე 30-40 წამში მიაღწია, განგაშის სისტემა არაფერს შეცვლიდა

პუბლიკა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბაღდათის სოფელ ნერეეთში 7 თებერვლის მეწყრის შესახებ გეოლოგიური დასკვნა გამოაქვეყნა.

სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილი მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

სააგენტოს განცხადებით, ანგარიში შედგენილია საველე გეოლოგიური (მათ შორის ინსტრუმენტული) კვლევების, საფონდო (ისტორიული) მასალების, აეროფოტო და საექსპერტო გამოცდილების ანალიზის საფუძველზე. ასევე, გამოყენებული იქნა უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი).

დასკვნის თანახმად, ნერეეთში ჩამოწვა კლდეზვავური ტიპის მეწყერი. მეწყრული სხეულის გავრცელების არეალის საერთო ფართობმა 4.45ჰა შეადგინა, ხოლო გადაადგილებული მეწყრული მასის მოცულობა საშუალოდ 150 000-160 000 მ3-ია.

სააგენტოს განცხადებით, პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ, სავარაუდოდ, მიაღწია 30-40 წამში. შესაბამისად, განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტიანი.

მეწყრის მიზეზებად სააგენტომ დაასახელა შემდეგი:

  • ტერიტორიის მორფოლოგიური პირობები (დიდი დახრილობის ფერდობი);
  • გეოლოგიური აგებულება (მეწყრული 13 პროცესებისადმი ძლიერ მიდრეკილი ქანები);
  • რთული ტექტონიკური პირობები და სეისმურობა;
  • გასულ საუკუნეში ხშირი ტყის მასივების გაჩეხა და ამ ადგილების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად ათვისება.
  • აღნიშნულთან ერთად, მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორად მოგვევლინა ბოლო დღეებში (5-6-7 თებერვალი) მოსული უხვი ატმოსფერული ნალექები (81მმ) და მიმდებარე ფერდობებზე არსებული თოვლის საფარის ინტენსიური დნობა;

გარდა ამისა, დასკვნის მიხედვით, შესაძლებელია, მეწყრის უკუსვლით გააქტიურება-გაფართოება, თავისი უარყოფითი შედეგებით და ამას მოწყვეტის პარალელურად 2-3 მეტრში დაფიქსირებული ხილული ნაპრალები მოწმობს.

ფერდობის ქვედა ნაწილი ტრანზიტის და ნაწილობრივ აკუმულაციის ზონაა, ხოლო ძირითადი მასალა აკუმულირდა მდინარის მარჯვენა ტერასულ საფეხურზე და მდინარის კალაპოტში (კალაპოტში შეგუბება დაფიქსირდა მცირე ხნით). მეწყრული მასების აკუმულაციის კვალი ასევე დაფიქსირდა მდინარე ხანისწყლის მარცხენა ტერასულ საფეხურზე. ვიზუალური შეფასებით, ნაკლებ სავარაუდოა ტერასული საფეხურების ამგები ნალექების დინამიკაში მოსვლა.

მეწყრული სხეული ჩრდილოეთი და სამხრეთი მხრიდან შემოსაზღვრულია მცირე ზომის მშრალი ხევებით, თუმცა, შეფასების პერიოდში სამხრეთ მხარეს არსებულ ხევში დაფიქსირდა წყლის დროებითი ნაკადი.

აღნიშნულ მხარეს ხევის გასწვრივ აქტიურ დინამიკაში მოსული მეწყრული მასების ზვინულის სიმაღლე 6-8 მეტრამდე იზრდება, ხოლო გავრცელების არეალი ხევისპირა ზოლში 50-60 მეტრია, რაც მომავალში ღვარცოფული ნაკადების ფორმირებისთვის ხელშემწყობ წინაპირობაა, თავისი უარყოფითი შედეგებით.

როგორც სააგენტო წერს:

დანგრეული 4 სახლის გარდა, მაღალი მეწყრული საშიშროების რისკის ქვეშ რჩება ფერდობის ქვედა ნაწილში, მეწყრის ორივე ბორტის გასწვრივ მცხოვრები 7 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. შესაბამისად, ეს ოჯახები ექვემდებარებიან გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანას.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ:

„მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველწლიურად შედგენილ და გამოცემულ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში სოფელ ნერგეეთზე მითითებულია, რომ სოფლის ტერიტორია მოქცეულია მეწყრული მოვლენების შესაძლო გააქტიურების ზონაში, კონკრეტულად ის ადგილი, სადაც 2024 წლის 7 თებერვალს ადგილი ჰქონდა მეწყრული მოვლენის განვითარებას, შეფასებული არ ყოფილა”.