ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მასალების საფუძველზე EMC მიიჩნევს, რომ 2020 წლის ოქტომბერში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროცესში შპს „ენკა რინიუებლზი“ არ დაჯარიმებულა მშენებლობის ნებართვის პირობების დარღვევისა და მოსამზადებელი სამუშაოების უკანონოდ განხორციელების გამო.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შპს „ენკა რინიუებლზი“ ვალდებული იყო სადერივაციო გვირაბის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებამდე მოეპოვებინა ამ ობიექტზე მშენებლობის უფლება, კერძოდ კი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის წარედგინა აღნიშნული ობიექტის სრული საპროექტო დოკუმენტაცია შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით. თუმცა კომპანიამ მშენებლობა მითითებული დოკუმენტაციის წარდგენამდე და შეთანხმებამდე დაიწყო, რაც სანებართვო პირობის დარღვევაა. სააგენტომ კი ეს დარღვევა არ დააფიქსირა და შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა.
„შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურზე მიმდინარე სამუშაოების შემოწმებისას უგულებელყო საკუთარი დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებები და შპს „ენკა რინიუებლზის“ მიმართ არ გამოიყენა კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შპს „ენკა რინიუებლზს“ 2020 წლის 21 სექტემბრიდან ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ფარგლებში ადგილზე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების განხორციელების უფლება არ გააჩნია. ამ ფაქტზე EMC-იმ სააგენტოს შესაბამისი რეაგირების მიზნით განცხადებით მიმართა.
სააგენტოდან მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ 2020 წლის ოქტომბერში შპს „ენკა რინიუებლზე“ გაცემული მშენებლობის ნებართვის პირობების ინსპექტირების განხორციელებისას სააგენტომ ადგილზე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების მიმდინარეობა დაადგინა. თუმცა, მშენებლობის ნებართვის პირობების დარღვევის დაფიქსირებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ნაცვლად, სააგენტომ მიიჩნია, რომ მშენებლობის ნებართვაში 2020 წლის 21 სექტემბერს შესული ცვლილებების თანახმად, კომპანიას უფლება ჰქონდა პროექტის ცალკეული ობიექტების მშენებლობა დაეწყო, რაც თავის მხრივ, მოსამზადებელი ტიპის სამუშაოების შესრულებასაც გულისხმობდა.
აღსანიშნავია, რომ მშენებლობის ნებართვაში შესული ცვლილება, მსგავს დათქმას ითვალისწინებს, თუმცა, უფლების გამოყენებისათვის შპს „ენკა რინიუებლზი“ ვალდებული იყო კონკრეტული ობიექტის მშენებლობის დაწყებამდე ობიექტის სრული საპროექტო დოკუმენტაცია წარედგინა და მხოლოდ და მხოლოდ სააგენტოს მიერ დამატებით გაცემული თანხმობის შემთხვევაში დაეწყო მითითებული სამუშაოები. ასეთი დამატებითი თანხმობა კომპანიამ პირველად 2020 წლის 3 დეკემბერს, სააგენტოს N04/1681 წერილით მიიღო, რომლის თანახმადაც ადგილზე სადერივაციო გვირაბისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე სააგენტომ თანხმობა განაცხადა. შესაბამისად, მხოლოდ 2020 წლის 3 დეკემბრიდან წარმოეშვა კომპანიას უფლება ადგილზე კონკრეტული ობიექტების მიმართ მოსამზადებელი სამუშოები განეხორციელებინა.
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მშენებლობის ნებართვის პირობების თაობაზე ინსპექტირება 2020 წლის ოქტომბერში განხორციელდა. პერიოდში, როდესაც კომპანიას არსებული მშენებლობის ნებართვის ფარგლებში პროექტის არც ერთ ობიექტზე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების შესრულების უფლება არ გააჩნდა. შესაბამისად, სააგენტო ვალდებული იყო ინსპექტირების შედეგად დაედგინა სანებართვო პირობების დარღვევა და კომპანიისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებინა.
საგულისხმოა, რომ სახელმწიფო ორგანოების მსგავსი პრაქტიკა და საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობა ხაზს უსვამს „ენკას” მიმართ სახელმწიფო ინსტიტუტების ლოიალობას, რაც უკანონო სამშენებლო პროცესების მიმართ არასათანადო რეაგირებაში გამოიხატება.
EMC მიიჩნევს, რომ დაუშვებელია, სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოები არ ასრულებდნენ საკუთარ უფლებამოსილებებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული წუხილი, რომ პროექტი კანონდარღვევით ხორციელდება, მეორე მხრივ კი, პოლიტიკური თანამდებობის პირები ვერ ასაბუთებენ პროექტის მიზანშეწონილობას”, – წერს EMC.