სააგენტოს არ აქვს მანდატი, რეგულარულად შეამოწმოს კლინიკები, ველოდებით საკანონმდებლო ცვლილებას - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის განცხადებით, გოგელიას კლინიკის საქმე ერთი წლის წინ პროკურატურაშიც გაიგზავნა, თუმცა არ იცის, საქმე რა ეტაპზეა.

მინისტრის ინფორმაციით, რეგულირების სააგენტო შეისწავლის ვითარებას, გადაიგზავნება დოკუმენტები შესაბამის უწყებებში და გაიწერება ყველა ღონისძიება.

ტიკარაძის განცხადებით, რაც შეეხება ზოგადად კლინიკების რეგულარულ შემოწმებას, ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები.

„რაც შეეხება სხვა კლინიკებს, ჩვენ გარკვეულწილად შეზღუდულები ვართ, ვინაიდან რეგულირების სააგენტოს არ გააჩნია მანდატი გეგმურად შეამოწმოს კლინიკები, ამისთვის საჭიროა კანონის ცვლილება და ველოდებით პარლამენტს რომ მიიღოს შესაბამისი ცვლილებები და რეგულირების სააგენტოს მიეცეს შესაბამისი მანდატი, შეამოწმოს არა მხოლოდ ამბულატორიები, კლინიკებიც, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა.

მნიშვნელოვანია, შეიცვალოს წესები საკანონმდებლო დონეზე, რათა არ მოხდეს კლინიკების დარეგისტრირება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, არამედ მოხდეს მათი საჭიროების, ასევე მათი სამუშაოს დეტალური აღწერა და მხოლოდ რეგულირების სააგენტოს და სამინისტროს თანხმობით მოხდეს კლინიკების გახსნა, ასევე ოპერირების დაწყება.

მოკვლევა დაიწყო გუშინ. ეს არის საკმაოდ მასშტაბური სამუშაო, ჩვენ ყველა დეტალში გვინდა ჩავიდეთ. ის გაყალბებული სერტიფიკატები, რომლებიც ამოღებულ იქნა, გადაგზავნილია პროკურატურაში და უკვე რეაგირება პროკურატურის მხრიდან უნდა მოხდეს. ყალბ სერტიფიკატზე რეაგირება სამინისტროს ვერ ექნება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ნამდვილი სერტიფიკატების შეჩერება, ისიც გარკვეული წესებით, რომელიც სამინისტროს აქვს დადგენილი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე „გოგელიას კლინიკაში“, მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, C ვიტამინი გაუკეთეს.

როგორც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე წერს, მან კლინიკაში სეზონური გრიპის აცრაზე ჩაწერა დედა-შვილი და საბოლოოდ გაარკვიეს, რომ ორივეს გაუკეთდა C ვიტამინი.

სავარაუდოდ, C ვიტამინის გამოყენების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.