სააგენტოს სერიოზული ხარვეზები აქვს დაშვებული გელათის რესტავრაციის პროცესში - კულტურის მინისტრი

პუბლიკა

„ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს სერიოზული ხარვეზები აქვს დაშვებული გელათის რესტავრაციის პროცესში“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, აუცილებელია ამ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც, სავარაუდოდ, დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.

„ჩავიხედე საქმეში, ჩავიხედე დოკუმენტებში, ჩავიხედე პროექტში, მოვუსმინე ადამიანებს,  ბევრ მათგანს, ნამდვილად ვთვლი, რომ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს სერიოზული  ხარვეზები აქვს დაშვებული გელათს რესტავრაციის პროცესში, რომელიც დაიწყო 2008 წელს და დღემდე გრძელდებოდა. ჩვენ მოგვიწევს ამ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც, სავარაუდოდ, დიდ თანხემბთან იქნება დაკავშირებული და ეს თანხები ამ მწირი ბიუჯეტის ფარგლებში მოგვიწევს, რომ გამოინახოს, რაც რბილად რომ ვთქვა, ტრაგიკულია. ერთი მხრივ დაზიანებულია გელათი, მეორე მხრივ, ხარვეზებია, ღია ჭრილობებივით, რომელსაც სწრაფი გამოსწორება სჭირდება და გამოსწორება დაჯდება დიდძალი თანხები“, – განაცხადა მან.

წულუკიანის თქმით, ხუთშაბათს დაგეგმილია შეხვედრა იმ სპეციალისტებთან, რომელიც მან დეპუტატობის პერიოდში შეკრიბა/

„მე შევკარი ჯგუფი, ჯერ კიდევ პარლამენტში და ეს ჯგუფი მუშაობას გააგრძელებს ცოტა უფრო სხვა ფორმატში, რათა აღმოიფხვრას სააგენტოს მიერ და არამხოლოდ სააგენტოს მიერ, იქ იყვნენ სხვა უწყებების წარმომადგენლები, ვინც სავალალო შეცდომები დაუშვა“ – განაცხადა მინისტრმა.


2020 წლის თებერვალ-მარტში გელათის სამონასტრო კომპლექსში გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით,  დადგინდა,  რომ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრამიტი, რომელიც ტაძრის ეკვდერების, ნართექსისა და საკურთხევლის გადახურვებისთვის იყო გამოყენებული, დაბალი ხარისხისაა, რამაც ინტერიერში წყლის ჩაჟონვა და კედლის მხატვრობის დაზიანება გამოიწვია.

ხარვეზების სათანადოდ იდენტიფიცირებისა და კვლევებისთავის საჭირო გახდა მისი დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევა. კომპანიამ, რომელიც გელათში მუშაობდა, სააგენტოსთან და მის სპეციალისტებთან თანამშრომლობით გადაწყვიტა, რომ გელათის მთავარი ტაძარი თუნუქის სახურავით დროებით გადაეხურა, რაც ასევე კრიტიკის საგანი გახდა.

დროებითი გადახურვის სამუშაოები დაიწყო, თუმცა, როგორც სააგენტოს მიერ გაავრცელებული განცხადებით ირკვევა, დროებითი გადახურვის შემსრულებელი კომპანიის მიერ ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომების გამო 18 იანვარს მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე ქარის შედეგად დროებითი გადახურვის ფრაგმენტი აძვრა.

გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო, შემსრულებელ კომპანიებს „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“ და „იკორთა 2007- ს“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები განესაზღვრათ, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლის გათვალისწინებით 12000 – 12000 ლარს მოიცავს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის სახურავის დაზიანების მიზეზებისა და პასუხისმგებელი პირების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

სააგენტოს გადაწყვეტილებით დროებითი გადახურვის სამუშაოებს სხვა კომპანია, „ბაგინეთი +“ ახორციელებს.