„სააგენტოს თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია" - სააგენტო ლიპარტიანის საქმეზე

პუბლიკა

რელიგიის საკითხთა სააგენტოს განცხადებით, სააგენტოს თანამშრომელს ეპისკოპალური ანგლიკანური ეკლესიის პასტორალური ლიდერისთვის, თომა ლიპარტიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

ლიპარტიანის თქმით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ავთანდილ კვერნაძემ სატელეფონო საუბრისას აგინა.

სააგენტო მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ „იმის მიუხედავად, რომ რელიგიის სააგენტო სრულ ნდობას უცხადებს ავთანდილ კვერნაძეს, საკითხის მგრძნობელობიდან და ობიექტურობის დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, გამოიკითხნენ თანამშრომლები, რითაც დადასტურდა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია”.

ლიპარტიანის თქმით, კვერნაძემ მას დაურეკა და უთხრა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელს, ზაზა ვაშაყმაძეს მისი ნახვა უნდოდა. მისივე თქმით, საჯარო მოხელის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა შეხვედრასთან დაკავშირებით დეტალების შეთანხმებას მოჰყვა.

როგორც სააგენტო წერს, კვერნაძემ ლიპარტიანს საჯარო რეესტრში სსიპ-ის – „ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში“ რეგისტრაციის დახარვეზებასთან დაკავშირებით დაურეკა.

განცხადებაში წერია, რომ რეესტრმა სააგენტოს წერილობით მიმართა, დაზუსტებულიყო, არსებობს თუ არა ცალკე დამოუკიდებელი რელიგიური მიმდინარეობა „ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში“ და დგინდება თუ არა მისი, როგორც საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე მიმდინარეობის არსებობა, ან წარმოადგენს თუ არა იგი ისეთ რელიგიურ მიმდინარეობას, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.

სააგენტო განცხადებაში წერს, რომ აქედან გამომდინარე, კვერნაძე დაუკავშირდა ლიპარტიანს შეხვედრასთან დაკავშირებით, რათა სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად განეხილათ ის დეტალები, რის გამოც განმცხადებელს რეგისტრაცია შეუჩერეს, უშუალოდ განმცხადებლისგან მიეღოთ ინფორმაცია, რათა შემდგომი წარმოებისთვის პრობლემები აღარ შექმნილიყო.

„ბატონი კვერნაძის სატელეფონო ზარის საპასუხოდ, ბატონმა ლიპარტიანმა ის და ზაზა ვაშაყმაძე ბინაში, არაფორმალურ ვითარებაში სავახშმოდ მიიპატიჟა, რის საპასუხოდაც განემარტა, რომ სააგენტოში მისი მობრძანება საქმიან ხასიათს ატარებდა და მხოლოდ გაცნობითი ხასიათის შეხვედრასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას ისახავდა მიზნად. მან უცხიეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირთან ერთად მოსვლა ისურვა, რის საპასუხოდაც განემარტა, რომ სხვა სასულიერო პირთან ერთად მოსვლის საჭიროება არ იყო, ისევ იმავე მიზეზიდან (რეგისტრაციის დეტალების დაზუსტება) გამომდინარე. საპასუხოდ ბატონი ლიპარტიანის საუბრის ტონი მოულოდნელად შეიცვალა და მან ბატონ კვერნაძეს უზრდელი უწოდა, რის პასუხადაც, ამ უკანასკნელმა სიტყვებით -ამ ხნის კაცს ასე როგორ მომმართავთ – ტელეფონი გათიშა. ამდენად, ბატონი ლიპარტიანის შემდგომი განცხადებები სიცრუე და ცილისწამებაა და ტოვებს განცდას, რომ მისი ამგვარი ქმედების მიზეზი სხვა ფაქტორებითაა განპირობებული.

დღეს ბატონი ლიპარტიანის ცილისწამებებს მორიგი სიყალბე დაემატა, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გავიდა უცნობი პირის სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც წარმოჩენილი იყო თითქოსდა, ავთანდილ კვერნაძის კომენტარად – როგორც ჩანს, თ. ლიპარტიანმა ჟურნალისტს მისთვის სასურველი პირის ნომერი მიაწოდა, რის დადგენაც მობილურ ოპერატორთან მარტივადაა შესაძლებელი.

რელიგიის სააგენტო მომხდარს ცილისწამებად მიიჩნევს და მოუწოდებს ბატონ თომა ლიპარტიანს, მიმართოს შესაბამის ორგანოებს და დაამტკიცოს საკუთარი ბრალდების სისწორე. წინააღმდეგ შემთხვევაში, განმტკიცდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს ავთანდილ კვერნაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტთან და რელიგიის სააგენტოს წინააღმდეგ დაგეგმილ, მიზანმიმართულ, ორგანიზებულ ცილისწამებასთან”, – წერია განცხადებაში.