სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს - პენიტენციური

პუბლიკა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გლდანის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „მთავარ არხთან“ განაცხადა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლები ამ წუთებში გლდანის ციხისკენ მიემართებიან და მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაციას მათგან მოკლე ხანში მიიღებს.


ბოლოს როდის ნახეს სააკაშვილი რუსთავის ციხეში?

დღეს, 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად იმყოფებოდა ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება 12:10-ისთვის დატოვა და მედიასთან განაცხადა, რომ სააკაშვილს შეხვდა და აზიარა.

მიტროპოლიტის შემდეგ სააკაშვილთან მისი უფლებადამცველები შევიდნენ. დაახლოებით, 14:00-ისთვის ისინი მედიასთან გამოვიდნენ და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სასამართლო პროცესებზე ისაუბრეს.

15:00-ისთვის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის მოსანახულებლად შესულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი. ის, დაახლოებით 1 საათში ჩაერთო „მთავარ არხს“ და ექსპრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

მორიგი აუდიენცია, რომელიც სააკაშვილთან უნდა შემდგარიყო, ექიმთა კონსილიუმი და მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე იყო.

17:00-ის შემდეგ ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან განაცხადა, რომ კონსილიუმის ექიმებს სააკაშვილი პირადად არ უნახავთ, რადგან თავად განაცხადა უარი მათთან შეხვედრაზე, ხოლო ნიკოლოზ ყიფშიძე ექსპრეზიდენტს იმიტომ ვერ შეხვდა, რომ მასთან ბევრი მნახველია რიგში.

18:00 საათისთვის მედიასაშუალებებმა პირდაპირ ეთერში ჩართეს მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას კომენტარი, რომელმაც ეჭვი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს.


26 ოქტომბერს გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის სახელით განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ის წინააღმდეგია გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის.

„როგორიც არ უნდა იყოს ჩამი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება, ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე“, – ამბობდა სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის არასაკმარისი პირობების გამო ეწინააღმდეგებოდნენ.

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მისაღებად N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა და თავდაპირველად დაასკვნა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკი, უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მეორე შემოწმების შემდეგ კი განაცხადა, რომ კლინიკაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის რეკომენდაციებს და ასევე გამოწვევად რჩება გარკვეული რისკი, უსაფრთხოების თვალსაზრისით.